ვლადიმერ პუტინმა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს მოუწოდა, აღკვეთონ უცხოური სპეცსამსახურების ქმედებები და გამოავლინონ მოღალატეები, ჯაშუშები, დივერსანტები
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს მოუწოდა, ხისტად აღკვეთონ უცხოური სპეცსამსახურების ქმედებები და გამოავლინონ მოღალატეები, ჯაშუშები და დივერსანტები.
მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა უსაფრთხოების ორგანოების თანამშრომელთა დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ვლადიმირ პუტინმა დაასახელა სპეცსამსახურების სამუშაოების მთავარი მიმართულებები. მისი თქმით, ესენია: ტერორიზმსა და ექსტრემიზმთან ბრძოლა და რუსეთის საზღვრების დაცვა.
„საზღვრის დარღვევის ნებისმიერი მცდელობა უნდა აღიკვეთოს სწრაფად და ეფექტურად, რისთვისაც უნდა გამოვიყენოთ ძალა და საშუალებები, რომლებიც ჩვენს ხელთაა, მათ შორის მობილური მოქმედების ქვედანაყოფები და სპეციალური ძალები“, – განაცხადა პუტინმა.
მან ასევე მადლობა გადაუხადა სპეცსამსახურების იმ თანამშრომლებს, რომლებიც რუსეთის მიერ ანექსირებულ ტერიტორიებზე მუშაობენ.
„დიახ, თქვენთვის ახლა რთულია. დონეცკსა და ლუგანსკში, ასევე ხერსონსა და ზაპოროჟიეში სიტუაცია უაღრესად რთულია“, – განაცხადა პუტინმა და სპეცსამსახურების ახალი ტექნიკით, შეიარაღებითა და „გამოცდილი კადრებით“ უზრუნველყოფის პირობა დადო.