ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპთან შეხვედრას წარმატებული უწოდა და აღნიშნა, რომ აშშ-ის ლიდერთან სასარგებლო შეთანხმებებს მიაღწია
ვლადიმერ პუტინმა ჰელსინკის სამიტის და დონალდ ტრამპის განცხადების მოწინააღმდეგეებს უპასუხა. კრემლის ლიდერმა რუს დიპლომტებთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში გარკვეულ ძალებს პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობის გაწირვა სურთ.
ვლადიმერ პუტინმა რუს დიპლომატებთან ჰელსინკის სამიტზეც ისაუბრა. მან დონალდ ტრამპთან შეხვედრას წარმატებული უწოდა და აღნიშნა, რომ სამიტის დროს აშშ-ის ლიდერთან საკმაოდ სასარგებლო შეთანხმებებს მიაღწია.
„რა თქმა უნდა, ჯერ უცნობია, როგორ წარიმართება ვითარება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გარკვეული ძალები ჰელსინკის სამიტზე მიღწეული შედეგების გაბათილებას ცდილობენ“,- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
16 ივლისს გამართული ჰელსინკის სამიტის შემდეგ დონალდ ტრამპის მიერ პრესკონფერენციაზე გაკეთებულმა განცხადებამ ამერიკის შეერთებულ შტატებში განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია. ვლადიმერ პუტინთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეში ვლადიმერ პუტინის პოზიციის მართებულობა შესაძლებლად დაუშვა. კრიტიკის შემდეგ კი დონალდ ტრამპმა საკუთარი განცხადება განმარტა და აღნიშნა, რომ არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეში საკუთარი დაზვერვის დასკვნის სჯერა.