ვლადიმერ პუტინმა დასავლეთის ქვეყნები შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთის ქვეყნები შავი ზღვის მარცვლეულის ვადაგასული შეთანხმების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა.
„დასავლეთმა მარცვლეულის შეთანხმებით ურცხვად ისარგებლა. უბრალოდ და სრულად დამახინჯებულია ამ შეთანხმებების მნიშვნელობა და არსი“, – აცხადებს პუტინი.
მისივე თქმით, თავდაპირველად, მარცვლეულის შეთანხმებას კოლოსალური ჰუმანიტარული მნიშვნელობა ჰქონდა.
„დასავლეთმა მთლიანად გაანადგურა და გააუკუღმართა ეს არსი და იმის ნაცვლად, რომ რეალურად გაჭირვებულ ქვეყნებს დახმარებოდა, დასავლეთმა მარცვლეულის შეთანხმება პოლიტიკური შანტაჟისთვის გამოიყენა და გარდა ამისა… აქცია ტრანსნაციონალური კორპორაციების, მარცვლეულის მსოფლიო ბაზრის სპეკულანტების გამდიდრების იარაღად“, – განაცხადა პუტინმა
მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა მოსკოვის პოზიცია, რომ ის დაუბრუნდება შეთანხმებას, როგორც კი დასავლეთი დააკმაყოფილებს მის ხუთ ძირითად მოთხოვნას.
შეგახსენებთ, რომ რუსეთს ხუთი მთავარი მოთხოვნა აქვს, რომელთა შორისაცაა რუსეთის აგრარული ბანკის („როსელხოზბანკის“) აღდგენა SWIFT-ის გადახდის სისტემაში; სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და სათადარიგო ნაწილების რუსეთში ექსპორტის აღდგენა; რუსული გემებისა და ტვირთების დაზღვევაზე და პორტებთან დაშვების შეზღუდვების მოხსნა; დაზიანებული ამიაკის საექსპორტო მილსადენის აღდგენა ტოლიატიდან (რუსეთი) უკრაინაში, ოდესაში; რუსული სასუქის კომპანიების ანგარიშებისა და ფინანსური საქმიანობის განბლოკვა.