ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას სირიასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება განიხილეს
ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრის დროს სირიასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება განიხილეს. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იუწყება.
რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტებმა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. ამასთან ერთად, საუბრის დროს პირველმა პირებმა აღნიშნეს, რომ სირიის ჩრდილოეთთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულება აუცილებელია.
რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი მას შემდეგ გაიმართა, რაც თურქეთმა განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან სანქციების სავარაუდო დაწესება თურქეთსა და რუსეთს შორის „ეს-400-ების“ შეძენასთან დაკავშირებით არსებულ შეთანხმებაზე არ აისახება.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა რუსული „ეს-400-ის“ შეძენასთან და სირიის ჩრდილოეთში ჩატარებულ ოპერაციასთან დაკავშირებით თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა.