ვლადიმერ პუტინმა და ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის ზოგიერთი ოლქიდან რუსი სამხედროებისა და მესაზღვრეების გაყვანის საკითხი შეათანხმეს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის ზოგიერთი ოლქიდან რუსი სამხედროებისა და მესაზღვრეების გაყვანის საკითხი შეათანხმეს. ამის შესახებ რუსულ მედიას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
ამასთან, კრემლის წარმომადგენლის თქმით, სომხური მხარის თხოვნით, რუსი მესაზღვრეები დარჩებიან ირანისა და თურქეთის საზღვართან.
„დიახ, ეს ნამდვილად ასეა. 2020 წლის შემოდგომაზე, სომხური მხარის თხოვნით, ჩვენი სამხედროები და მესაზღვრეები განთავსდნენ რიგ სომხურ ოლქებში. ფაშინიანმა თქვა, რომ დღეს შეცვლილ პირობებთან დაკავშირებით ასეთი საჭიროება აღარ არის, ამიტომ პრეზიდენტი პუტინი დათანხმდა და ჩვენი სამხედროებისა და მესაზღვრეების გაყვანა შეთანხმდა“, – განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინისა და ნიკოლ ფაშინიანის ორმხრივი შეხვედრა კრემლში გუშინ საღამოს გაიმართა.