ვლადიმერ პუტინმა და ნიკოლ ფაშინიანმა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და ყარაბაღის კონფლიქტი განიხილეს
პეტერბურგში, სომხეთის პრემიერ-მინისტრის და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრაზე ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და ყარაბაღის კონფლიქტი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. ნიკოლ ფაშინიანისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
რუსეთის პრეზიდენტმა სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელს უთხრა, რომ რუსეთს და სომხეთს შორის ურთიერთობების დახასიათება აუცილებელი არ არის, რადგან რუსეთი სომხეთის წამყვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია, აქვს ორი მილიარდი პირდაპირი ინვესტიციები, რაც ორმხრივ ურთიერთობებში განსაკუთრებულ სამოკავშირეო ხასიათს აჩვენებს.
თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის და რუსეთის ურთიერთობები სისტემურად ვითარდება. სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ერევანს და მოსკოვს შორის სტრატეგიული სამოკავშირეო ურთიერთობებია, რაც არა მხოლოდ ორმხრივ კავშირებს, არამედ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობას უკავშირდება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ვლადიმირ კარაპეტიანმა თქვა, რომ მხარეებმა ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით პრობლემის საერთო გაგებაზე გაამახვილეს ყურადღება.