ვლადიმერ პუტინმა და ალექსანდრ ლუკაშენკომ „რაინეარის“ თვითმფრინავის მინსკში იძულებით დასმის საკითხი განიხილეს
სოჭში რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრა ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ათენი-ვილნიუსის რეისზე მოძრავი „რაინეარის“ თვითმფრინავის მინსკში იძულებით დასმისა და ოპოზიციონერი ჟურნალისტის რომან პროტასევიჩის საკითხები.
ლუკაშენკოს პოზიციით, ამ თემაზე დასავლური სახელმწიფოების რეაქცია მეტყველებს მინსკში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობებზე, ისევე როგორც ეს 2020 წლის აგვისტოში ხდებოდა.
თავის მხრივ, პუტინმა აღნიშნა, რომ 2013 წელს ბოლივიის პრეზიდენტის, ევო მორალესის თვითმფრინავი იმის გამო დასვეს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, რომ თითქოს ბორტზე „ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს“ აგენტი ედვარდ სნოუდენი იმყოფებოდა, რომელსაც აშშ-ში სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებაში ადანაშაულებდნენ. მისი განცხადებით, ამ მოვლენას დასავლელი პარტნიორების მძაფრი რეაქცია არ გამოუწვევია.
ლუკაშენკოს განცხადებით, იგი თავის რუს კოლეგას „რაინეარის“ რეისთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე „რამდენიმე დოკუმენტს“ გააცნობს.