კიმ ჩენ ინი - ბევრი საკითხია, რაზეც ჩრდილოეთ კორეამ და რუსეთმა უნდა ითანამშრომლონ
კიმ ჩენ ინი - ბევრი საკითხია, რაზეც ჩრდილოეთ კორეამ და რუსეთმა უნდა ითანამშრომლონ

მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“ მართავენ შეხვედრას.

„ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთხელ გხედავ და მოგესალმები რუსეთში. ამჯერად, როგორც შევთანხმდით, „ვოსტოჩნის“ კოსმოდრომზე. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვისაუბროთ ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე, ჰუმანიტარულ საკითხებზე და რეგიონში არსებულ ვითარებაზე“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა შეხვედრის დაწყებამდე.

კიმ ჩენ ინმა მადლობა გადაუხადა პუტინს ქვეყანაში მიწვევისთვის და განაცხადა, რომ არსებობს ბევრი საკითხი, რაზეც მათ შეუძლიათ თანამშრომლობა.

„ქვეყნებს შორის არსებობს დღის წესრიგი, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული საკითხები და არის ბევრი საკითხი, რომლებზეც ჩვენმა ორმა ქვეყანამ უნდა ითანამშრომლოს, ასევე იმისთვის, რომ მივიღოთ დახმარება დამოუკიდებლობის ომში, როგორც ამას ჩვენი ქვეყნების ხალხი ელოდება. ამ სიტუაციაში, მჯერა, ეს მომენტი ემსახურება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გადასვლას შემდეგ ეტაპზე, ახალ სიმაღლეზე“, – განაცხადა კიმ ჩენ ინმა.

როგორც მედია წერს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა შეაქო რუსეთი იმისთვის, რომ „დადგა ჰეგემონური ძალების წინააღმდეგ“ მისი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დასაცავად.

„ანტიიმპერიალიზმისა და დამოუკიდებლობის ფრონტზე, ყოველთვის ვიქნები რუსეთის გვერდით, ვიყენებ ამ შესაძლებლობას ამის დასადასტურებლად“, – აღნიშნა კიმ ჩენ ინმა.