ვლადიმერ პუტინის მიმართვის შემდეგ, მოსკოვის საფონდო ბირჟის ინდექსი 10,5%-ით შემცირდა
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართვის შემდეგ, მოსკოვის საფონდო ბირჟის ინდექსი 10,5%-ით შემცირდა, რაც უდიდესი დღიური ვარდნაა 2014 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა.
მკვეთრად შემცირდა რუსული კომპანიების აქციების ფასი, მაგალითად, რუსეთის წამყვანი ნავთობკომპანიის „როსნეფტის“ აქციების ღირებულება ორშაბათს საღამოს 20%-ით დაეცა და მიმდინარე წლის დასაწყისიდან თითქმის 30%-ით გაუფასურდა.
თითქმის 16%-ით შემცირდა „გაზპრომის“ აქციების ფასი. როგორც ბრიტანული საინვესტიციო ბანკის Peel Hunt-ის მთავარი მკვლევარი ჩარლს ჰოლი „ფაინენშალ თაიმსთან“ აღნიშნავს, რუსული კომპანიების აქციების გაუფასურება აჩვენებს, რომ დასავლეთის მოსალოდნელი სანქციები რუსული კომპანიების წინააღმდეგ აშკარად იქნება პრობლემატური ინვესტორებისთვის.
დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების ფონზე რუბლი დოლართან მიმართებაში 3%-ით გაუფასურდა.