ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციას ევროკავშირის წევრი ექვსი ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრნენ
მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციას ევროკავშირის წევრი ქვეყნების, საფრანგეთის, საბერძნეთის, კვიპროსის, მალტის, უნგრეთისა და სლოვაკეთის წარმომადგენლები დაესწრნენ. ისინი ინაუგურაციაზე საელჩოს დიპლომატებით იყვნენ წარმოდგენილი.
მანამდე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა რეკომენდაციით მიმართა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, არ გაეგზავნათ წარმომადგენლები ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის ცერემონიაზე.
„სწორი იქნება, არ ეწვიოთ ამ ინაუგურაციას. ჩემი რჩევაა, არ გააკეთოთ ეს. ვფიქრობ, რომ წევრი ქვეყნების უმეტესობა მონაწილეობას არ მიიღებს“, – განაცხადა ბორელმა.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ინაუგურაციას ევროკავშირის წევრი ექვსი ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო, ევროკომისიის პრესსპიკერმა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ინაუგურაციაზე დასწრების გადაწყვეტილება ცალკეულმა სახელმწიფოებმა დამოუკიდებლად მიიღეს.