ვლადიმერ პუტინი ყარაბაღთან დაკავშირებით შარლ მიშელის განცხადებას პასუხობს
შარლ მიშელის განცხადებაზე, რომ რუსეთმა ყარაბაღში სომხეთს უღალატა, ვლადიმერ პუტინმა რუსული ხალხური გამოთქმით უპასუხა, რაც ნიშნავს, რომ განცხადების ავტორს ხმა არ აქვს ამოსაღები.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, სომხეთმა თავად აღიარა ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად და სომეხმა ლიდერებმა პირდაპირ დაასახელეს აზერბაიჯანის ტერიტორია კვადრატულ კილომეტრებში, რომლებშიც, რა თქმა უნდა, ყარაბაღიც შედის.
პუტინის განცხადებით, ყარაბაღთან დაკავშირებით რუსეთი ერევანს ბაქოსთან კომპრომისს 15 წელია, სთავაზობდა.
„ჩვენს სომეხ მეგობრებს ვეუბნებოდით, დაუბრუნეთ აზერბაიჯანს ყარაბაღის ირგვლივ ხუთი რეგიონი, შეინარჩუნეთ ორი თქვენთვის და ამით შეინარჩუნეთ ტერიტორიული კავშირი სომხეთსა და ყარაბაღს შორის, მაგრამ ჩვენი ყარაბაღელი მეგობრები დროდადრო გვეუბნებოდნენ: „არა, ეს გარკვეულ საფრთხეებს შეგვიქმნის“. „არა, ჩვენ არ შეგვიძლია ამის გაკეთება“. „რას გააკეთებთ?“ „ჩვენ ვიბრძოლებთ“. საბოლოოდ, საქმე შეიარაღებულ შეტაკებამდე მივიდა 2020 წელს. სხვათა შორის, პრეზიდენტი ალიევი, ალბათ, არ იქნება ჩემზე განაწყენებული, მაგრამ რაღაც მომენტში შეთანხმება მიღწეული იქნა, რომ აზერბაიჯანის ჯარები შეჩერდებოდნენ. მართალი გითხრათ, ვფიქრობდი, რომ პრობლემა მოგვარდა. დავურეკე ერევანს და უცებ გავიგე: „არა, დატოვონ ყარაბაღის ის უმნიშვნელო ნაწილი, სადაც აზერბაიჯანის ჯარები შევიდნენ“. ისევ თქვეს, რომ იბრძოლებდნენ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა: „ყველასთვის აშკარაა, რომ რუსეთმა უღალატა სომეხ ხალხს“.