ვლადიმერ პუტინი - ყარაბაღის საბოლოო სტატუსი დარეგულირებული არ არის, შევთანხმდით, რომ სტატუსკვოს ვინარჩუნებთ
ყარაბაღის საბოლოო სტატუსი დარეგულირებული არ არის, შევთანხმდით, რომ სტატუსკვოს ვინარჩუნებთ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსული მედიის შეკითხვებზე პასუხისას განაცხადა.
„დიახ, ასეთი პრობლემა არსებობს, ყარაბაღის საბოლოო სტატუსი დარეგულირებული არ არის. ჩვენ შევთანხმდით, რომ ვინარჩუნებთ სტატუსკვოს, დღეს არსებულ მდგომარეობას. რა იქნება შემდეგ – ეს მომავალში უნდა გადაწყდეს ან მომავალი ხელმძღვანელების ან ამ პროცესის მომავალი მონაწილეების მიერ. თუმცა, ჩემი აზრით, თუ შეიქმნება პირობები ნორმალური ცხოვრებისთვის, სომხეთსა და აზერბაჯანს შორის, ადამიანებს შორის ყოფით დონეზე ურთიერთობების აღდგენისთვის, განსაკუთრებით კონფლიქტის ზონაში, ეს შექმნის პირობებს ყარაბაღის სტატუსის განსაზღვრისთვისაც“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ვლადიმირ პუტინმა ყარაბაღის სტატუსზე საუბრისას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გაიხსენა.
„რა შეეხება ყარაბაღის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარება-არ აღიარებას, ამის შეფასება სხვადასხვაგვარად არის შესაძლებელი, თუმცა ეს, ეჭვგარეშე, იყო არსებითი ფაქტორი, მათ შორის ახლახანს (იმედი მაქვს) დასრულებული სისხლისმღვრელი კონფლიქტის მიმდინარეობისას, რადგან ყარაბაღის არაღიარების თავად ფაქტი, მათ შორის სომხეთის მხრიდან, არსებითად აისახებოდა მოვლენების მიმდინარეობაზე და მათ აღქმაზე. აქ პირდაპირ უნდა ვთქვათ: თავის დროზე საქართველოს ყოფილი ხელმძღვანელობის უდავოდ დანაშაულებრივი ქმედებების შემდეგ, ვგულისხმობ სამხრეთ ოსეთში ჩვენს მშვიდობისმყოფელებზე დარტყმების განხორციელებას, რუსეთმა აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ჩვენ ვაღიარეთ სამართლიანად ყირიმში მცხოვრები ხალხის ნების გამოვლენა, იქ მცხოვრები ადამიანების სწრაფვა რუსეთთან შეერთებისკენ, ჩვენ მხარი დავუჭირეთ ამ ხალხს, ჩვენ ეს ღიად გავაკეთეთ. შეიძლება, ეს ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არ მოსწონს, თუმცა ჩვენ გავაკეთეთ ეს იქ მცხოვრები ადამიანების ინტერესების, მთელი რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით და არ გვრცხვენია ამაზე ღიად საუბრის. ყარაბაღთან დაკავშირებით ეს არ გაკეთებულა და ამას, რა თქმა უნდა, არსებითად ჰქონდა გავლენა იქ მიმდინარე ყველა მოვლენაზე“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ სომხეთის მხრიდან 10 ნოემბრის შეთანხმებზე უარის თქმა ქვეყნისთვის თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა.
„აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა კონტროლი დაამყარეს შუშაზე და როგორც გულწრფელად თქვა ფაშინიანმა, სომხური მხარისთვის კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა. საუბარი საათებზე იყო. შესაძლებელი იყო სტეპანაკერტის აღება და წინ წაწევა. ასეთ პირობებში სომხური მხარის ინტერესებში იყო საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნელივი შეწყვეტა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ამიტომ პუტინი მიიჩნევს, რომ ფაშინიანის მისამართით ღალატის ბრალდებები უსაფუძვლოა. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ყარაბაღი ყოველთვის იყო აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილი და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია ამ საკითხში ვერ ჩაერეოდა, რადგან სომხეთს არავინ ესხმოდა თავს.
„სომხეთს არ აღუიარებია მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ეს საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ნიშნავდა, რომ მთიანი ყარაბაღიც და მთელი მიმდებარე რაიონები წარმოადგენდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიის განუყოფელ ნაწილს. კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმება ითვალისწინებს ურთიერთდახმარებას შეთანხმების მონაწილე ქვეყნის ტერიტორიის მისამართით აგრესიის შემთხვევაში. სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიას კი არავინ ესხმოდა თავს და ეს არ გავძლევდა არანაირ უფლებას, მიგვეღო პირდაპირი მონაწილეობა ამ საბრძოლო მოქმედებებში“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.