ვლადიმერ პუტინი - უნდა შევქმნათ პირობები, რომლითაც თავად სირიელებს, საგარეო ჩარევის გარეშე, შეეძლებათ, განსაზღვრონ თავიანთი ქვეყნის ბედი
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აუცილებელია ისეთი პირობების შექმნა, რომ სირიელმა ხალხმა საკუთარი განვითარების გზა საგარეო ჩარევის გარეშე განსაზღვროს. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსმა ლიდერმა თეირანში, ირანისა და თურქეთის პრეზიდენტებთან ერთობლივ შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ უახლოესი მომავლის ამოცანაა, შევთანხმდეთ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რათა ხელი შეეწყოს სირიის შიდა, ინკლუზიურ პოლიტიკურ დიალოგს. ანუ, პრაქტიკაში განვახორციელოთ ჩვენი შეთანხმება, რომ შევქმნათ პირობები, რომლითაც თავად სირიელებს, საგარეო ჩარევის გარეშე, შეეძლებათ, განსაზღვრონ თავიანთი ქვეყნის ბედი. ფაქტობრივად, სწორედ ამისთვის წამოიწყო ჩვენმა სამმა სახელმწიფომ 2018 წელს, სოჭში, სირიის ეროვნული დიალოგის კონგრესზე, გადაწყვეტილება საკონსტიტუციო კომიტეტის შექმნის თაობაზე“, – აღნიშნა პუტინმა.