ვლადიმერ პუტინი უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს მიმართავს, ძალაუფლება ხელში აიღონ
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყებამდე მოუწოდებს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, ძალაუფლება ხელში აიღონ.
მისი თქმით, რუსეთის არმიის ძირითადი შეტაკებები როგორც მოსალოდნელი იყო, ისე მიმდინარეობს არა უკრაინის შეიარაღებული ძალების რეგულარულ ნაწილებთან, არამედ ნაციონალისტურ ფორმირებებთან, რომლებიც, როგორც ცნობილია, პასუხისმგებლები არიან დონბასში გენოციდსა და სახალხო რესპუბლიკების მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლისღვრაზე.
„ამას გარდა, უკრაინის რეგულარულ ნაწილებში ჩანერგილი ნაციონალისტური ელემენტები არა მხოლოდ აქეზებენ მათ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისკენ, არამედ ასევე ასრულებენ ბარიერული რაზმის როლს. მეტიც, არსებული ინფორმაციით, ჩვენ ვხედავთ ამას, ბანდეროველები და ნეონაცისტები აყენებენ ზალპური ცეცხლის სისტემებს მსხვილი ქალაქების ცენტრალურ რაიონებში, მათ შორის კიევსა და ხარკოვში. ისინი გეგმავენ, გამოიწვიონ რუსეთის საპასუხო დარტყმები საცხოვრებელ უბნებზე. არსებითად ისინი მოქმედებენ ისევე, როგორც ტერორისტები მთელ მსოფლიოში, ფარად იყენებენ ხალხს იმ იმედით, რომ შემდგომ დაადანაშაულებენ რუსეთს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლისთვის. დარწმუნებით ვიცით, რომ ეს ყველაფერი ხდება მათი უცხოური კონსულტანტების რეკომენდაციებით, პირველ ყოვლისა, ამერიკელი მრჩევლების.
კიდევ ერთხელ მივმართავ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, არ მისცეთ უფლება, რომ ნეონაცისტებმა და ბანდეროველებმა გამოიყენონ თქვენი შვილები, ცოლები და მოხუცები ცოცხალ ფარად. აიღეთ ძალაუფლება ხელში. როგორც ჩანს, ჩვენ თქვენთან უფრო ადვილად მოვილაპარაკებთ, ვიდრე ამ ნარკომანებისა და ნეონაცისტების ხროვასთან, რომელიც ზის კიევში და ტყვედ აიყვანა მთელი უკრაინელი ხალხი“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.