ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომზე - უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ შევაჩეროთ ეს ტრაგედია
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ საჭიროა ფიქრი იმაზე, როგორ უნდა შეჩერდეს უკრაინაში ომით გამოწვეული ტრაგედია და დასძინა, რომ მოსკოვს არასოდეს უთქვამს უარი სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე.
ვლადიმერ პუტინმა აღნიშნული განცხადება „ოცეულის ჯგუფის“ სამიტზე ონლაინჩართვისას გააკეთა.
„ზოგიერთმა კოლეგამ გამოსვლებში განაცხადა, რომ შოკირებულია უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიით. დიახ, რა თქმა უნდა, სამხედრო მოქმედებები ყოველთვის ტრაგიკულია. რა თქმა უნდა, უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ შევაჩეროთ ეს „ტრაგედია“. სხვათა შორის, რუსეთს არასოდეს უთქვამს უარი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, არა რუსეთმა, არამედ უკრაინამ განაცხადა საჯაროდ, რომ ტოვებდა მოლაპარაკების პროცესს.