ვლადიმერ პუტინი - ტერაქტის შემსრულებელი ოთხივე პირისთვის, წინასწარი მონაცემებით, უკრაინულ მხარესთან ერთად, მომზადებული იყო „ფანჯარა“ საზღვრის გადასაკვეთად
ტერაქტის უშუალო შემსრულებელი ოთხივე პირი, ვინც ისროდა და ხოცავდა ხალხს, იპოვეს და დააკავეს. ისინი მიმალვას ცდილობდნენ და გადაადგილდებოდნენ უკრაინის მიმართულებით, სადაც, წინასწარი მონაცემებით, მათთვის უკრაინულ მხარესთან ერთად მომზადებული იყო „ფანჯარა“ სახელმწიფო საზღვრის გადასაკვეთად, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
როგორც ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, სულ დაკავებულია 11 ადამიანი.
„მოსკოვსა და მის შემოგარენში, ქვეყნის ყველა რეგიონში დაწესებულია დამატებითი ზომები ანტიტერორისტული და ანტიდივერსიული ღონისძიებებისთვის. ახლა მთავარია, არ მივცეთ საშუალება ამ სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის უკან მდგომთ, ჩაიდინონ ახალი დანაშაულები. რაც შეეხება ამ დანაშაულის გამოძიებასა და ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგებს, ამჟამად შეგვიძლია, ვთქვათ შემდეგი, ტერაქტის უშუალო შემსრულებელი ოთხივე პირი, ისინი, ვინც ისროდნენ და ხოცავდნენ ხალხს, იპოვეს და დააკავეს, ისინი მიმალვას ცდილობდნენ და გადაადგილდებოდნენ უკრაინის მიმართულებით, სადაც წინასწარი მონაცემებით, მათთვის უკრაინულ მხარესთან ერთად მომზადებული იყო „ფანჯარა“ სახელმწიფო საზღვრის გადასაკვეთად. სულ დაკავებულია 11 ადამიანი“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური, სხვა სამართალდამცავი უწყებები მუშაობენ ტერორისტული ბაზისთვის ხელშემწყობთა იდენტიფიცირებისა და გამოვლენისთვის, ვინც უზრუნველყოფდა მათ ტრანსპორტით, ინიშნავდა უკან დახევის გზებს, ამზადებდა იარაღისა და საბრძოლო მასალების სამალავებს.
„საგამოძიებო და სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ დანაშაულის ყველა დეტალის დასადგენად, მაგრამ უკვე აშკარაა, რომ ჩვენ არა მხოლოდ დეტალურად და ცინიკურად დაგეგმილი ტერაქტის, არამედ უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ მომზადებული და ორგანიზებული მასობრივი მკვლელობის წინაშე ვდგავართ. დამნაშავეები ცივსისხლიანად და მიზანმიმართულად მიდიოდნენ ზუსტად იმისთვის, რომ დაეხოცათ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი შვილები, როგორც ეს ოდესღაც ნაცისტებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაწყვიტეს საჩვენებელი დასჯის მოწყობით.
ამ დანაშაულის ყველა მონაწილეს, ორგანიზატორს, დამკვეთს სამართლიანი და გარდაუვალი სასჯელი ელოდებათ. ჩვენ დავადგენთ და დავსჯით ყველას, ვინც დგას ტერორისტების უკან, ვინც მოამზადა ეს სისასტიკე, თავდასხმა რუსეთზე, ჩვენს ხალხზე. ვიცით, რა არის ტერორიზმის საფრთხე, ჩვენ თანამშრომლობის იმედი გვაქვს ყველა იმ სახელმწიფოსთან, რომლებიც გულწრფელად იზიარებენ ჩვენს ტკივილს. მზად ვართ, რეალურად საქმეში გავაერთიანოთ ძალისხმევა საერთო მტრებთან ბრძოლაში, საერთაშორისო ტერორიზმთან, მისი ყველა გამოვლინებით. ტერორისტები, მკვლელები ადამიანები არ არიან, მათ ეროვნება არ აქვთ და ერთი ბედი ემუქრებათ – შურისძიება და დავიწყება. მათ მომავალი არ აქვთ. ახლა ჩვენი საერთო ვალია, ვიყოთ ერთად, მჯერა ასეც იქნება, რადგან არავის შეუძლია, შეარყიოს ჩვენი ერთიანობა და ნება, მონდომება და გამბედაობა, ერთიანი რუსეთის ხალხის ძალა. რუსეთს არაერთხელ გამოუვლია ურთულესი და გაუსაძლისი განსაცდელი, თუმცა უფრო ძლიერდებოდა, ახლაც ასე იქნება“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთში 24 მარტი საყოველთაო გლოვის დღედ გამოცხადდა.
მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. ამ დროის მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა.