ვლადიმერ პუტინი - სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან ერთად შევათანხმეთ ერთობლივი განცხადება, გულწრფელად უნდა ვთქვა, ყველაფრის შეთანხმება ვერ მოხერხდა
სოჭში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების სამმხრივი შეხვედრა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, მიღებულია ერთობლივი განცხადება, – კრემლის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„დღეს ჩვენ შევათანხმეთ ერთობლივი განცხადება. გულწრფელად უნდა ვთქვა, ყველაფრის შეთანხმება ვერ მოხერხდა, ზოგიერთი საკითხის ამოღება გახდა საჭირო სპეციალისტების დონზე წინასწარ შემუშავებული ტექსტიდან. ამის მიუხედავად, ვეთანხმები საერთო შეფასებას, რომ შეხვედრა იყო სასარგებლო, და ეს ქმნის პირობებს ზოგადად სიტუაციის დასარეგულირებლად მომდევნო ნაბიჯების გადასადგმელად. როდესაც ვამბობ „ზოგადად“, ვგულისხმობ მიმდინარე მოვლენებსაც, ახლო წარსულის მოვლენებსა და ორი წლის წინანდელ მოვლენებსაც. ჩვენ მაშინ შევძელით პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება და დღევანდელი დისკუსია მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ შეგვიძლია შეთანხმება ყველა ჩვენი ქვეყნის მომავალზეც. როდესაც ვამბობ „ყველა ჩვენს ქვეყანას“, ვგულისხმობ რუსეთსაც, აზერბაიჯანსაც და სომხეთსაც, და რეგიონის ყველა ქვეყანასაც, რადგან ურთიერთობების ნორმალიზებაში დაინტერესებულია ყველა ერი, რომელიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს“, – განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დღეს სოჭში ჯერ ორმხრივი მოლაპარაკებები გამართა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან. მოგვიანებით კი გაიმართა სამი ქვეყნის ლიდერების ერთობლივი შეხვედრა.