ვლადიმერ პუტინი - სომხეთის ხელმძღვანელობას აქვს პოლიტიკური ნება ყარაბაღის პრობლემის მოსაგვარებლად
სომხეთის ხელმძღვანელობას აქვს პოლიტიკური ნება ყარაბაღის პრობლემის მოსაგვარებლად, – ეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებაა, რომელიც მან სომხეთის პრემიერთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას გააკეთა.
„კონფლიქტი უკვე ათწლეულების განმავლობაში გრძელდება და საჭიროა როგორღაც მისი დასრულება. ვიცი, რომ თქვენ გაქვთ ამის პოლიტიკური ნება. ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. საჭიროა გადამწყვეტი მომენტების პოვნა, რომელიც ჩვენ წინ წასვლის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა პუტინმა.
თავის მხრივ, სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ „ერევნისთვის მნიშვნელოვანია, რუსეთის მკაფიო პოზიცია სომხეთის ტერიტორიაზე შეჭრილი აზერბაიჯანული ჯარის გაყვანასთან დაკავშირებით“.
„რუსეთის პოზიცია მდგომარეობდა იმაში, რომ დელიმიტაციის შესახებ კომისიის ფორმირება გახდებოდა სასაზღვრო უსაფრთხოების მექანიზმი. ჩვენ არ ვიზიარებდით ამ პოზიციას, მაგრამ საბოლოო ჯამში გადავწყვიტეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, რუსეთის ინტერპრეტაცია მივიღოთ, მაგრამ ამის მიუხედავად, 13 სექტემბერს აზერბაიჯანმა მორიგი ფართომასშტაბიანი აგრესიის ინიცირება მოახდინა სომხეთის მიმართულებით და მოახდინა ჩვენი ახალი ტერიტორიების ოკუპირება. ამიტომ, სომხეთისთვის ახლა მნიშვნელოვანია რუსეთის მკაფიო პოზიციის ფორმულირება ჩვენი ტერიტორიიდან აზერბაიჯანული ჯარის 2021 წლის 11 მაისის პოზიციებთან დაბრუნებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ფაშინიანმა.
სოჭში ვლადიმერ პუტინის და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა გაიმართა. დღის ბოლოს კი, სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრაა დაგეგმილი.
შეხვედრის ინიციატივა კრემლს ეკუთვნის.