ვლადიმერ პუტინი - შეიძლება ითქვას, ჩვენი შეცდომაა, რომ იარაღის გამოყენებით გადავწყვიტეთ იმ ომის დასრულება, რომელიც 2014 წელს დაიწყო დონბასში
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებისთვის ჯერ არ მიუღწევია.
„ჩვენ ჯერ ვერ მივაღწიეთ ჩვენს მიზნებს, რადგან ერთ-ერთი მიზანია დენაციფიკაცია. ეს გულისხმობს ყველა ნეონაცისტური მოძრაობის აკრძალვას. ეს არის ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც განვიხილეთ მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც დასრულდა სტამბოლში გასული წლის დასაწყისში“, – აღნიშნა პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტთან, ტაკერ კარსლონსთან ინტერვიუსას.
პუტინის თქმით, მოლაპარაკებები მათი ინიციატივით არ დასრულებულა. როგორც რუსეთის პრეზიდენტი განმარტავს, მას ევროპელმა ლიდერებმა უთხრეს, რომ დოკუმენტის საბოლოო ხელმოწერისთვის რუსეთს საჭირო პირობები უნდა შეექმნა.
„ჩემმა კოლეგებმა საფრანგეთიდან და გერმანიიდან თქვეს: „როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ მოაწერენ ხელს შეთანხმებას, იარაღით თავში? კიევიდან ჯარები უნდა გავიდნენ“. მე ვთქვი, კარგი, და ჩვენ გამოვიყვანეთ ჩვენი ჯარები კიევიდან“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ჯარების გაყვანის შემდეგ უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა „ნაგავში გადაყარეს“ შეთანხმება, რომელსაც სტამბოლში მიაღწიეს და მოემზადნენ ხანგრძლივი შეიარაღებული დაპირისპირებისთვის შეერთებული შტატებისა და მისი მხარდამჭერების დახმარებით ევროპაში.
„შეიძლება ითქვას, ჩვენი შეცდომაა, რომ ჩვენ მოვახდინეთ ქმედებების ინტენსიფიკაცია და იარაღის გამოყენებით გადავწყვიტეთ ამ ომის დასრულება, რომელიც, როგორც უკვე ვთქვი, 2014 წელს დაიწყო დონბასში. მე უფრო ღრმად დაგაბრუნებთ. 1991 წელს, როდესაც ჩვენ დაგვპირდნენ, რომ ნატო-ს არ გააფართოებენ. დავბრუნდეთ 2008 წელს, როდესაც ნატო-ს კარი გააღეს, დავუბრუნდეთ უკრაინის დამოუკიდებლობის დეკლარაციას, რომელშიც მან თავი ნეიტრალურ სახელმწიფოდ გამოაცხადა. დავუბრუნდეთ იმას, რომ ნატო-ს ბაზები, ამერიკული, ინგლისური ბაზები გაჩნდნენ უკრაინის ტერიტორიაზე, რაც ამ საფრთხეებს ქმნიდა ჩვენთვის. დავუბრუნდეთ იმას, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს 2014 წელს უკრაინაში. უაზროობა?! ხომ?! ეს ბურთი შეგვიძლია, წინ და უკან ვაგორაოთ მუდმივად, მაგრამ მათ ხომ შეწყვიტეს მოლაპარაკებები. შეცდომაა?! – კი, გამოასწორეთ ის. ჩვენ მზად ვართ. მეტი რაღა?!“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.