ვლადიმერ პუტინი - სევასტოპოლელებს, ყირიმელებს ათწლეულების განმავლობაში სჯეროდათ ჩვენი ქვეყნის, არასდროს დაშორდნენ რუსეთს და ამან მისცა ყირიმს ჩვენს საერთო ოჯახში დაბრუნების საშუალება
რუსული მედიის ცნობით, მოსკოვში, წითელ მოედანზე სადღესასწაულო კონცერტის სცენიდან ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მოქალაქეებს „ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის“ ათი წლისთავი მიულოცა.
„ძვირფასო მეგობრებო, გილოცავთ დღესასწაულს – ყირიმისა და სევასტოპოლის რუსეთთან გაერთიანებას“, – მიმართა პუტინმა წითელ მოედანზე შეკრებილებს.
ამასთან, პუტინმა აღნიშნა: „სევასტოპოლელები, ყირიმელები – ისინი ჩვენი სიამაყე არიან. მათ ათწლეულების განმავლობაში სჯეროდათ ჩვენი ქვეყნის. ისინი არასოდეს დაშორდნენ რუსეთს და სწორედ ამან მისცა ყირიმს ჩვენს საერთო ოჯახში დაბრუნების საშუალება“.
პუტინმა სცენაზე მიიწვია საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კონკურენტებიც. მისალოცი სიტყვების შემდეგ მათ ერთად შეასრულეს რუსეთის ჰიმნი.