ვლადიმერ პუტინმა დარია დუგინას მკვლელობას საზიზღარი, სასტიკი დანაშაული უწოდა
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ალექსანდრ დუგინის შვილის დარია დუგინას მკვლელობას გამოეხმაურა. პუტინმა დუგინების ოჯახს მიუსამძიმრა და მომხდარს საზიზღარი, სასტიკი დანაშაული უწოდა.
„საზიზღარმა, სასტიკმა დანაშაულმა შეაჩერა დარია დუგინას სიცოცხლე. ნათელი, ნიჭიერი ადამიანის, რომელსაც ნამდვილი რუსული გული ჰქონდა – კეთილი, მოსიყვარულე და ღია. ჟურნალისტი, სწავლული, ფილოსოფოსი, სამხედრო კორესპონდენტი. იგი პატიოსნად ემსახურებოდა ხალხს. მან საქმით დაამტკიცა, რას ნიშნავს, იყო რუსეთის პატრიოტი“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ცნობისთვის, ალექსანდრ დუგინის შვილი დარია დუგინა ორი დღის წინ მოსკოვის ოლქთან ავტომობილის აფეთქების დროს დაიღუპა. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, რომ დარია დუგინას მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურების მიერ იყო მომზადებული.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა გუშინ ბრალდება უარყო და თქვა, რომ უკრაინის ხელისუფლებას დუგინის ქალიშვილის მკვლელობასთან კავშირი არ აქვს.