ვლადიმერ პუტინი - სამოკავშირეო სახელმწიფოს მშენებლობასთან დაკავშირებული შემდგომი ინტეგრაციის ყოველი ნაბიჯი მორგებულია იმაზე, რომ ეკონომიკური განვითარებისთვის მყარი საფუძველი შეიქმნას
სამოკავშირეო სახელმწიფოს მშენებლობასთან დაკავშირებული შემდგომი ინტეგრაციის ყოველი ნაბიჯი მორგებულია იმაზე, რომ ეკონომიკური განვითარებისთვის მყარი საფუძველი შეიქმნას. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბელარუს კოლეგა ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრისას განაცხადა.
„სამოკავშირეო სახელმწიფოს მშენებლობასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცესებზე არ ვსაუბრობ. აქ, როგორც შევთანხმდით, ამ ყველაფერს მშვიდად, ყოველგვარი აჩქარების გარეშე ვაკეთებთ. ჩვენ ყოველ ნაბიჯს ვარგებთ ისე, რომ ყოველი ეს ნაბიჯი გვაძლიერებს, გვაძლიერებს შიგნიდან, გარედან, აძლიერებს ჩვენს პოლიტიკურ სისტემებს, ქმნის პირობებს მათი განვითარებისთვის, ქმნის ფუნდამენტურ, კარგ, ჯანსაღ საფუძველს ეკონომიკური განვითარებისთვის“, – განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, მოსკოვსა და მინსკს ერთობლივი მუშაობის უამრავი სფერო აქვთ. ერთ-ერთ ასეთ მთავარ საკითხს კი პუტინმა ინდუსტრიული თანამშრომლობა უწოდა. პუტინის განცხადებით, რუსული საექსპორტო პროდუქციის მყიდველი უცხოური კომპანიების რუბლზე გადასვლა რუსულ ვალუტას გააძლიერებს. თავის მხრივ, ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ იგი შეშფოთებულია დასავლეთის მიერ უკრაინის „დაშლისკენ“ მიმართული ნაბიჯების გამო და უკრაინის დასავლეთ ნაწილის ხელში ჩაგდების მცდელობაში პოლონეთი დაადანაშაულა.