ვლადიმერ პუტინი - რუსული მარცვლეულის მიწოდებაზე შეზღუდვები უნდა მოიხსნას, იყო შეთანხმება საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არავინ ყოფილა წინააღმდეგი, მათ შორის, არც აშშ
რუსული მარცვლეულის მიწოდებაზე შეზღუდვები უნდა მოიხსნას, იყო შეთანხმება საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არავინ ყოფილა წინააღმდეგი, მათ შორის, არც შეერთებული შტატები, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თეირანში, ირანისა და თურქეთის პრეზიდენტებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ჩვენ ხელს შევუწყობთ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს, მაგრამ გამოვდივართ იქიდან, რომ მოიხსნება ყველა შეზღუდვა, რომელიც რუსული მარცვლეულის საჰაერო გზით ექსპორტისთვის მოხსნასთანაა დაკავშირებული. ამაზე თავდაპირველად საერთაშორისო ორგანიზაციებთან შევთანხმდით. ეს ყველაფერი აქამდე არავის გაუპროტესტებია, მათ შორის, ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ჩათვლით“, – აღნიშნა პუტინმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ შეზღუდვები მოიხსნება სურსათის საერთაშორისო ბაზრებზე ვითარების გასაუმჯობესებლად.
„მოგეხსენებათ, მსოფლიო ბაზარზე ამერიკელების მიერ რუსული სასუქების მიწოდებაზე შეზღუდვები ფაქტობრივად მოიხსნა. იმავეს იმედი მაქვს რუსული მარცვლეულის მიწოდებასთან დაკავშირებით, თუ მათ გულწრფელად სურთ სიტუაციის გაუმჯობესება სურსათის საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ მზად ვართ“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, თურქულმა მხარემ ბევრი გააკეთა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმების მისაღწევად.
„მე უკვე ვთქვი, რომ თურქეთის რესპუბლიკამ და პირადად პრეზიდენტმა ერდოღანმა ბევრი გააკეთეს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმების მისაღწევად“, – აღნიშნა პუტინმა.