ვლადიმერ პუტინი რუსეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ილჰამ ალიევს შეხვდა
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
კრემლის ინფორმაციით, შეხვედრისას ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ კრემლი რუსეთის იმპერიის საზღვრების აღდგენას არ აპირებს.
„ახლავე მინდა ვთქვა: სპეკულაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთი იმპერიულ საზღვრებში აპირებს იმპერიის აღდგენას, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა ყველა ახალი გეოპოლიტიკური რეალობა აღიარა და მოგეხსენებათ, აქტიურად მუშაობს ჩვენი ურთიერთქმედების გასაძლიერებლად პოსტსაბჭოთა სივრცეში გაჩენილ ყველა ქვეყანასთან, დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან. უმწვავეს სიტუაციებშიც კი, როგორიცაა მთიანი ყარაბაღის საკითხის მოგვარება, ჩვენ ყოველთვის ძალიან ფრთხილად ვმოქმედებდით, ამ პროცესში ჩართული ყველა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და ყოველთვის ვცდილობდით, ორმხრივად მისაღები გადაწყვეტილებები მიგვეღო“, – აღნიშნა პუტინმა.
ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები ძალიან დინამიურად ვითარდება.
„ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ, ვურეკავთ ერთმანეთს და, რა თქმა უნდა, პირად შეხვედრებს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, მით უფრო, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენს ქვეყნებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტის ხელმოწერის წინა დღეს.
და სიმბოლურია, რომ ეს ხდება ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის წინ. ვფიქრობ, ამ დოკუმენტს აუცილებლად ექნება ძალიან დადებითი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნებისთვის, ჩვენი ურთიერთქმედებისთვის და ასევე, რეგიონული უსასაფრთხოებისთვის“, – განაცხადა ალიევმა.
ილჰამ ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი აფასებს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, რომელიც რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის განვითარდა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის რუსეთში ოფიციალური ვიზიტის დროს ხელი მოეწერა სამოკავშირეო თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციას, რომელიც 40-ზე მეტი პუნქტისგან შედგება.