ვლადიმერ პუტინი - რუსეთში მობილიზაციის მეორე ტალღა არ იქნება, მშვიდობა დადგება მაშინ, როდესაც რუსეთი სპეციალური საომარი ოპერაციის მიზნებს მიაღწევს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მობილიზაციის მეორე ტალღა რუსეთში არ იქნება. ამის შესახებ განცხადება ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
პუტინის თქმით, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში 300 ათასი ადამიანი გაიწვიეს სამხედრო სამსახურში, რის შემდეგაც რუსეთის მთავრობა მოქალაქეებს სთავაზობდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტების ნებაყოფლობით გაფორმებას.
პუტინის მტკიცებით, დღეისთვის მობილიზებულია 486 ათასი ადამიანი, ხოლო მოხალისეებთან ერთად მათი რიცხვი 500 000-ს აღწევს. პუტინი განმარტავს, უკრაინის ტერიტორიაზე 244 000 მობილიზებული რუსი ჯარისკაცი იმყოფება.
როგორც რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, უკრაინამ კონტრშეტევის დროს 747 ტანკი და 2 300 ჯავშანმანქანა დაკარგა.
კითხვაზე, როდის იქნება მშვიდობა, რუსეთის პრეზიდენტმა ასე უპასუხა: „მაშინ, როდესაც რუსეთის სპეციალურ საომარი ოპერაციის მიზნები მიღწეული იქნება.“
ამასთან, ვლადიმერ პუტინმა რუსებს და უკრაინელებს ერთი ერი, ოდესას კი რუსული ქალაქი უწოდა და თქვა, რომ რაც ახლა ხდება, არის უზარმაზარი ტრაგედია, ძმებს შორის სამოქალაქო ომის მსგავსი, როდესაც ძმები საპირისპირო მხარეს აღმოჩნდნენ. რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში გადატრიალება აუცილებელი იყო კონფლიქტის შესაქმნელად, რაც გააკეთეს ამერიკელებმა და ევროპელებმა, თითქოს ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.