ვლადიმერ პუტინი - რუსეთსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა მსოფლიოში სტაბილიზაციის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, ქვეყნები აძლიერებენ კოორდინაციას სამართლიანი წესრიგის მიმართულებით
ვლადიმერ პუტინი - რუსეთსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა მსოფლიოში სტაბილიზაციის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, ქვეყნები აძლიერებენ კოორდინაციას სამართლიანი წესრიგის მიმართულებით

რუსეთსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი სტაბილიზაციის ფაქტორია, ქვეყნები აძლიერებენ კოორდინაციას გლობალური უსაფრთხოებისა და სამართლიანი მსოფლიო წესრიგის მიმართულებით, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყაზანში ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან შეხვედრის დროს განაცხადა.

პუტინის თქმით, ორმხრივ ვაჭრობაში გასული წლის რეკორდების შემდეგ რუსეთი და ჩინეთი, უარყოფითი გარე გავლენის მიუხედავად, ინარჩუნებენ ეკონომიკური ზრდის დინამიკას.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ორი ქვეყანა წარმატებით ახორციელებს ერთობლივ პროექტებს ენერგეტიკის, მრეწველობის, მაღალტექნოლოგიური, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის და მრავალი სხვა მიმართულებით.

თავის მხრივ, ჩინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო არენაზე სერიოზული არეულობა ვერ შეარყევს რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების ხელშეუხებლობას.

ჩინეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ათი წლის განმავლობაში უპრეცედენტო გახდა, რომელმაც გაუძლო საერთაშორისო სიტუაციის გამოცდას.

წელს რუსეთი და ჩინეთი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 75 წლის იუბილეს აღნიშნავენ. 2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ რეკორდული 227,8 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2024 წელს, როგორც მოლაპარაკებების მასალებშია აღნიშნული, ორმხრივი ვაჭრობა აგრძელებს ზრდას.

ყაზანში „ბრიქსის“ სამიტი მიმდინარეობს, რომელიც 24 ოქტომბრამდე გაგრძელდება.