ვლადიმერ პუტინი - რუსეთს არასდროს შეუცვლია პოზიცია ლაჩინის დერეფანთან მიმართებაში
რუსეთს არასდროს შეუცვლია პოზიცია ლაჩინის დერეფანთან მიმართებაში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„თქვენ იცით ჩვენი პოზიცია სამმხრივ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ლაჩინის დერეფანს ეხება. ჩვენ არასოდეს შეგვიცვლია პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. არასოდეს“, – ასე გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინი სომხეთის პრემიერ-მინისტრის სიტყვებს ლაჩინის დერეფნის მიდამოში დაძაბული სიტუაციის შესახებ, რომელიც სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის ერთადერთი დამაკავშირებელი გზაა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ამ საკითხზე დისკუსია გაიმართა როგორც სომხურ, ისე აზერბაიჯანულ მხარეებთან.
„ჩვენ ყოველთვის ვიცავდით და ახლაც ვიცავთ ამ პოზიციას – ყველაფერი უნდა იყოს ჩვენი სამმხრივი განცხადების შესაბამისად. და ჩვენი პოზიცია აქ არ იცვლება”, – აღნიშნა პუტინმა.
სატრანსპორტო კავშირების განბლოკვასა და გზების შესაძლო მშენებლობაზე საუბრისას პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში უცვლელია.
„ჩვენც განვაცხადეთ ამის შესახებ და აზერბაიჯანული მხარეც ადასტურებს, რომ არანაირი ცვლილება ამ საკითხთან მიმართებაში აზერბაიჯანს არ აქვს. ისინი ყოველგვარი ვარიანტების გარეშე აღიარებენ სომხეთის სრულ სუვერენიტეტს ამ ტერიტორიაზე და არანაირი ორმაგი ან სამმაგი შეხედულება, რაც დაკავშირებულია ტრანსპორტის შესაძლო განბლოკვასთან, არანაირი საფუძველი ამას არ აქვს“, – განაცხადა პუტინმა.
ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ „მიუხედავად ამისა, არის საკითხები ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით, რომელთა განხილვაც უფრო დეტალურად ღირს“.