ვლადიმერ პუტინი - რუსეთს არასდროს ავიწყდება პასუხისმგებლობა მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე
რუსეთს არასდროს ავიწყდება პასუხისმგებლობა მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საერთაშორისო უსაფრთხოების მოსკოვის კონფერენციის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„რუსეთს არასდროს ავიწყდება პასუხისმგებლობა იმ მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე, რომელთანაც ჩვენ გვაახლოებს განუწყვეტელი ისტორიული, კულტურული და ადამიანური კავშირები. ვაპირებთ, მომავალშიც შევუწყოთ ხელი რეგიონული კონფლიქტების დეესკალაციას, ჩვენს საერთო კონტინენტზე მშვიდობისა და სტაბილურობის გაძლიერებას“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
პუტინის თქმით, რუსეთი არასდროს კარნახობს საკუთარ ნებას სხვა ქვეყნებს და მზად არის, თანასწორად, პოლიტიკურ-დიპლომატიური მეთოდების გამოყენებით, მონაწილეობა მიიღოს გლობალური და რეგიონული პრობლემების მოგვარებაში.
რუსეთის ლიდერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს სამხედრო პოტენციალის გაძლიერებაზე.
„რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეიძლება, არ გვაშფოთებდეს რუსეთის საზღვრების სიახლოვეს ნატო-ს სამხედრო პოტენციალისა და ინფრასტრუქტურის განუწყვეტელი ზრდა, ასევე ის, რომ ალიანსი უარს ამბობს დაძაბულობის დეესკალაციასთან და არაპროგნოზირებადი ინციდენტების რისკის შემცირებასთან დაკავშირებით ჩვენი შეთავაზებების კონსტრუქციულ განხილვაზე“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.