ვლადიმერ პუტინი - რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები უდიდესი შეცდომაა და ვიმედოვნებ, ამას მალე გააცნობიერებენ
თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის, ხოლო ვისაც საკუთარი არმიის გამოკვება არ სურს, სხვის არმიას გამოკვებავს, – ასე უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა „პირდაპირი ხაზის“ დროს დასმულ შეკითხვას, ემზადება თუ არა რუსეთი ბირთვული ომისთვის.
ვლადიმერ პუტინმა აშშ-თან გართულებულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ რუსეთი მზადაა აშშ-სთან დიალოგისთვის იმდენად, რამდენადაც ვაშინგტონში არიან მზად ამისთვის.
„პრეზიდენტ ტრამპთან ბევრია სალაპარაკო. მალე სრულდება „სტრატეგიული თავდასხმითი შეიარაღების შეთანხმების“ მოქმედების ვადა. არის ინტერესი ეკონომიკის კუთხით. მიუხედავად სანქციებისა, რუსეთში ამერიკული კომპანიები მუშაობენ. რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები უდიდესი შეცდომაა და ვიმედოვნებ, რომ ამას მალე გააცნობიერებენ. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდულია. ამასთანავე, ის უკვე შევიდა წინასაარჩევნო კამპანიაში, ასე რომ, ყველაფერი ასე უბრალოდ არ იქნება“, – თქვა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა შეიარაღებაზე და აღნიშნა, რომ მოსკოვი სამხედრო ხარჯებს ამცირებს, თუმცა თავდაცვით სფეროში ორი ნაბიჯით წინაა. ვლადიმერ პუტინს ასევე ჰკითხეს, არსებობს თუ არა აშშ-სა და ირანს შორის მოსალოდნელი სამხედრო კონფლიქტი, რაზეც რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ირანთან აშშ-ის ომი რეგიონისთვის კატასტროფა იქნება.