ვლადიმერ პუტინი - რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რაც შესაძლებელია ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ყოვლისმომცველი ნორმალიზებისთვის
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რაც შესაძლებელია ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ყოვლისმომცველი ნორმალიზებისთვის

რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რაც შესაძლებელია ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ყოვლისმომცველი ნორმალიზებისთვის. ამის შესახებ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭოს რიგგარეშე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭოს რიგგარეშე სესია სომხეთის ინიციატივით იმართება.

„ჩვენ დღესაც ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების კომპლექსური და ყოვლისმომცველი ნორმალიზების მიღწევისთვის. აზერბაიჯანიც, სომხეთიც, ისევე როგორც რუსეთი ახლო წარსულში ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდნენ და ამის არგათვალისწინება უბრალოდ შეუძლებელია. ჩვენ ყველა საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით. თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია, რუსეთისთვის ახლობელ სახელმწიფოებს შორის უთანხმოებებისა და პრობლემებისგან განზე დავრჩეთ და უცვლელად მზად ვართ, ხელი შევუწყოთ მათ მშვიდობიან დარეგულირებას. ზოგადად, „ჩვენ უპირობოდ დაინტერესებულები ვართ, რომ სამხრეთ კავკასია იყოს მშვიდი და სტაბილურად განვითარებადი რეგიონი“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის საჭიროა სამმხრივი შეთანხმების თანმიმდევრულად შესრულება, რაც გულისხმობს ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციას, სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნას და ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრას. როგორც პუტინმა აღნიშნა, სომხეთის პრემიერ-მინისტრს ამაზე არაერთხელ ესაუბრა და მისი კოლეგა ამას სრულად ეთანხმება.

31 ოქტომბერს სოჭში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების სამმხრივი შეხვედრა იგეგმება.