ვლადიმერ პუტინი - რუსეთი ყოველთვის მზად არის ნებისმიერ შეხვედრებისთვის, მათ შორის ნორმანდიულ ფორმატში
რუსეთი ყოველთვის მზად არის ნებისმიერი შეხვედრებისთვის, მათ შორის ნორმანდიულ ფორმატში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბუდაპეშტში, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე უკრაინაზე საუბრისას განაცხადა.
პუტინის თქმით, მთავარია, რომ ეს შეხვედრები კარგად იყოს მომზადებული და კონკრეტული შედეგები მოჰყვებოდეს.
რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ძალების დაშორიშორების პროცესზე ისაუბრა. მან პროცესის გაჭიანურებაზე პასუხისმგებლობა ნაციონალისტებს დააკისრა.
„თავად ბატონი ზელენსკი, ბუნებრივია, ნაციონალისტს არ ჰგავს, თუმცა გაუმკლავდება თუ არა ის მათ, ჩემთვის ახლა რთული სათქმელია. კითხვა იმაშია, მიიყვანს თუ არა ის ბოლომდე იმას, რაც საჯაროდ თქვა და იმას, რის გაკეთებასაც თავად მიიჩნევს მიზანშეწონილად. კერძოდ კი, მოცემულ შემთხვევაში, საკითხი სინამდვილეში არც თუ ისეთი რთულია – ორ დასახლებულ პუნქტში დაპირისპირებული მხარეების დაშორიშორება. ეს წლების განმავლობაში გრძელდება. ახლა გასაგებია რატომაც. იმიტომ რომ ნაციონალისტებს არ სურთ წასვლა და არ სურთ იქიდან უკრაინის ჯარების გაშვება. ამაზე მართლაც ბევრია დამოკიდებულია დონბასში სიტუაციის დარეგულირების თვალსაზრისით“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
უკრაინამ სოფელ ზოლოტოეში ძალების დაშორიშორების პროცესის დაწყების შესახებ 29 ოქტომბერს განაცხადა. სამ დასახლებულ პუნქტში – სტანიცა ლუგანსკაიაში, ზოლოტოესა და პეტროვსკოეში ძალების დაშორიშორებას ჯერ კიდევ 2016 წლის შეთანხმება ითვალისწინებს, თუმცა აღნიშნული პუნქტებიდან ძალების გაყვანა მხოლოდ სტანიცა ლუგანსკაიადან მოხდა.