ვლადიმერ პუტინი - რუსეთი სერბეთის ენერგორესურსებით უზრუნველყოფაში არსებით როლს თამაშობს, ქვეყნის ვიცე-პრემიერთან გაზის მიწოდების საკითხს განვიხილავთ
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ სერბეთის ვიცე-პრემიერთან, ალექსანდრ ვულინთან გაზის მიწოდების საკითხს განიხილავს, რომლის კონტრაქტების მოქმედების ვადა 2025 წლის მარტში იწურება.
ამის შესახებ პუტინმა ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სერბეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.
„როგორც ცნობილია, რუსეთი თამაშობს არსებით როლს სერბეთის ენერგორესურსებით უზრუნველყოფაში, ამას აკეთებს ძალიან კორექტულად, მაღალ დონეზე, ყველაფერი დროულად ხდება, სერბეთისთვის ძალიან კარგი პირობებით. ამაზე ასევე ვისაუბრებთ. არის კონკრეტული საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც საჭიროა. ვგულისხმობ, მაგალითად, რომ 2025 წლის მარტში უკვე იწურება გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით ჩვენი კონტრაქტების ვადა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
კრემლის ცნობით, რუსეთის მხრიდან მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი.
მოლაპარაკებების დაწყებისას პუტინმა აღნიშნა, რომ სერბეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვის შემცირება შეინიშნება.
„რაც შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ სავაჭრო ბრუნვის გარკვეულ, მცირე, თუმცა მაინც შემცირებას. ვიცი, რომ თქვენ სერბეთის მთავრობის ხაზით ამ საკითხებით ხართ დაკავებული. ალბათ დადგა დრო, უკვე ჩავატაროთ მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომელიც დიდი ხანია, არ შეკრებილა, სულ მცირე, დაახლოებით ორი წელია, და განვიხილოთ ის დაბრკოლებები, რომლებიც წარმოიქმნება ამასთან დაკავშირებით და აღმოვფხვრათ ისინი“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.