ვლადიმერ პუტინი - რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებას ახალი წევრების მიღების ხარჯზე
რუსეთის ფედერაცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებას ახალი წევრების მიღების ხარჯზე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფრანგ კოლეგასთან, ემანუელ მაკრონთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვართ აღმოსავლეთით ახალი წევრებით ნატო-ს გაფართოების. ჩვენთვის საერთო საფრთხეს წარმოადგენს ნატო-ს შემდგომი გაფართოება ჩვენს საზღვრებთან. ჩვენ არ მივდივართ ნატო-სკენ, მაგრამ ნატო მოდის ჩვენსკენ. ამიტომ, იმის თქმა, რომ რუსეთი აგრესიულია, საღ ლოგიკას არ შეესაბამება“, – განაცხადა პუტინმა.
მან ასევე ისაუბრა ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დეკლარაციაზე და აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრი ზოგიერთი ქვეყანა ეწინააღმდეგება საქართველოსა და უკრაინის ალიანსში მიღებას.
„ნატო-ს ზოგიერთი ქვეყანა ეწინააღმდეგება უკრაინის ან საქართველოს ალიანსში მიღებას და რა თქმა უნდა, ჩვენ ამის შესახებ ვიცით, არაერთხელ გვაქვს მოსმენილი. ამ შემთხვევაში მე მაქვს კითხვა, თუ ეს ასეა, მაშინ რატომ მოაწერეს ხელი ამ ქვეყნებმა 2008 წელს ბუქარესტში“, – დასძინა პუტინმა.