ვლადიმერ პუტინი - პოლონელი ლიდერები ნატო-ს ქოლგის ქვეშ კოალიციის შექმნას ეყრდნობიან, რათა ჩაერთონ უკრაინის კონფლიქტში, უკრაინის კარგი ნაწილი თავისთვის მოწყვიტონ, ოცნებობენ ბელარუსის მიწებზეც
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ნებისმიერი აგრესია რუსეთის მეზობელი ბელარუსის წინააღმდეგ რუსეთის წინააღმდეგ აგრესიად ჩაითვლება.
მისი თქმით, პოლონეთს სურს, დაიბრუნოს უკრაინის ის ტერიტორიები, რომლებიც წარსულში მათ ეკუთვნოდათ, ასევე ოცნებობენ ბელარუსის მიწებზეც.
„სავარაუდოდ, პოლონელი ლიდერები ნატო-ს ქოლგის ქვეშ რაიმე სახის კოალიციის შექმნას ეყრდნობიან, რათა უშუალოდ ჩაერთონ უკრაინის კონფლიქტში იმ მიზნით, რომ საკუთარი თავისთვის უკრაინის კარგი ნაწილი მოწყვიტონ. დაიბრუნონ თავიანთი ისტორიული მიწები, როგორც ფიქრობენ, ამჟამად დასავლეთ უკრაინაში. ცნობილია, რომ ისინი ოცნებობენ ბელორუსის მიწებზეც. რაც შეეხება უკრაინის რეჟიმის პოლიტიკას, ეს მათი საქმეა. მათ თუ უნდათ, უღალატონ თავიანთ ქვეყანას და გაყიდონ რაღაცები, როგორც ამას ყველა მოღალატე აკეთებს, რათა გადაუხადონ პატრონებს, ეს მათი საქმეა. ჩვენ არ ჩავერევით. რაც შეეხება ბელარუსს, ის საკავშირო სახელმწიფოს ნაწილია. ბელორუსის წინააღმდეგ აგრესია ნიშნავს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აგრესიას. ჩვენ ვუპასუხებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით“, – აღნიშნა პუტინმა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის თქმით, პოლონეთმა 1939 წელს დაკარგა დამოუკიდებლობა, რომელიც შემდეგ საბჭოთა კავშირის, სტალინის წყალობით აღდგა.
„1939 წელს პოლონეთი მიატოვეს დასავლელმა მოკავშირეებმა, შეაგდეს გერმანიის საომარ მანქანაში და პოლონეთმა ოფიციალურად დაკარგა დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრიობა, რომელიც დიდწილად საბჭოთა კავშირის წყალობით აღდგა. სწორედ საბჭოთა კავშირის, სტალინის გადადგმული ნაბიჯების წყალობით, პოლონეთმა მიიღო მნიშვნელოვანი ტერიტორიები დასავლეთში – გერმანული მიწა. ეს ფაქტია. დასავლეთ პოლონეთის ტერიტორიები სტალინის საჩუქარია პოლონეთისთვის. ჩვენმა მეგობრებმა ვარშავაში დაივიწყეს ეს? ამას ჩვენ მათ შევახსენებთ“, – განაცხადა პუტინმა.