ვლადიმერ პუტინი - ევროპაში უწევთ, დაარწმუნონ მოქალაქეები, რომ ნაკლები ჭამონ, იშვიათად დაიბანონ, სახლში თბილად ჩაიცვან, მათ, ვინც კითხვებს დასვამს, აცხადებენ მტრებად და რადიკალებად
პოლიტიკოსებს ევროპაში უწევთ, დაარწმუნონ თავიანთი მოქალაქეები, ნაკლები ჭამონ, უფრო იშვიათად დაიბანონ, სახლში კი უფრო თბილად ჩაიცვან. ხოლო მათ, ვინც სამართლიანი კითხვების დასმას იწყებს, რატომ არის ასე, მყისიერად აცხადებენ მტრებად, ექსტრემისტებად და რადიკალებად, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული რეგიონების ანექსიასთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროპელ პოლიტიკოსებს ისრები გადააქვთ რუსეთზე, რომ რუსეთია ყველა უბედურების წყარო.
„ქაღალდით ვერავის გამოკვებავ, საჭიროა სურსათი. ვერც ამ გაბერილი კაპიტალიზაციით გაათბობ ვინმეს, ენერგომატარებლებია საჭირო. ამიტომ, პოლიტიკოსებს ევროპაში უწევთ, დაარწმუნონ თავიანთი მოქალაქეები, ნაკლები ჭამონ, უფრო იშვიათად დაიბანონ, სახლში კი უფრო თბილად ჩაიცვან. ხოლო მათ, ვინც სამართლიანი კითხვების დასმას იწყებს, რატომ არის ასე, მყისიერად აცხადებენ მტრებად, ექსტრემისტებად და რადიკალებად. ისრები გადააქვთ რუსეთზე – აი, ვინ არის თქვენი ყველა უბედურების წყარო, ისევ იტყუებიან. მინდა, ხაზი გავუსვა, არსებობს ყველა საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ დასავლური ელიტები არ აპირებენ უკრაინაში და დონბასში ჯერ კიდევ ჩვენს სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, მათი მრავალწლიანი პოლიტიკის შედეგად შექმნილი მსოფლიო სასურსათო, ენერგეტიკული კრიზისიდან კონსტრუქციული გამოსავლის ძიებას“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირი დღეს აღარ არის, წარსული დაბრუნება შეუძლებელია და რუსეთი ამისკენ არ მიისწრაფის.
„საბჭოთა კავშირი აღარ არის. წარსულის დაბრუნება შეუძლებელია და რუსეთს დღეს ეს არც სჭირდება. ჩვენ ამისკენ არ მივისწრაფით. თუმცა არაფერია იმაზე ძლიერი, ვიდრე მილიონობით ადამიანის სიმტკიცე, რომლებიც თავიანთი კულტურით, რწმენით, ტრადიციებით, ენით მიიჩნევენ თავს რუსეთის ნაწილად, რომელთა წინაპრები საუკუნეების განმავლობაში ერთიან სახელმწიფოში ცხოვრობდნენ. არაფერია იმაზე მტკიცე, ვიდრე ამ ადამინების მტკიცე გადაწყვეტილება, დაუბრუნდნენ თავიანთ ჭეშმარიტ ისტორიულ სამშობლოს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.