ვლადიმერ პუტინი - პეტრე პირველი რუსეთის ტერიტორიებს აბრუნებდა, როგორც ჩანს, ჩვენც გვერგო წილად ტერიტორიების დაბრუნება და განმტკიცება
პეტრე პირველი რუსეთის ტერიტორიებს აბრუნებდა, როგორც ჩანს, ჩვენც გვერგო წილად ტერიტორიების დაბრუნება და განმტკიცება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთში თუ არ იქნება საზოგადოების კონსოლიდაცია, ყველაფერი ჩამოიშლება.
„ამისთვის ბრძოლა და ამის დაცვა რომ გვიწევს, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ჩვენ ახლახანს ვიყავით პეტრე პირველის 350 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენაზე და არაფერი შეცვლილა. პეტრე პირველის ჩრდილოეთის ომი 21 წელი გრძელდებოდა. ვითომდა ემეობდა შვედეთს და რაღაცის მიტაცებას ცდილობდა. არაფერიც, ის კი არ იტაცებდა, არამედ აბრუნებდა ტერიტორიებს.
როდესაც პეტრე პირველმა საფუძველი დაუდო ახალ დედაქალაქს, მაშინ ევროპის არც ერთი სახელმწიფო არ აღიარებდა ამ ტერიტორიას რუსეთის კუთვნილებად. ყველა ამბობდა, რომ ის შვედეთისაა. არადა, იქ უძველესი დროიდან სახლობდნენ სლავები და ეს ტერიტორია იყო რუსეთის სახელმწიფოს კონტროლქვეშ. იგივე ეხება დასავლეთის მიმართულებასაც. ის აბრუნებდა ტერიტორიებს. როგორც ჩანს, ჩვენც გვერგო წილად რუსეთის ტერიტორიების დაბრუნება და განმტკიცება. თუ გამოვდივართ იქიდან, რომ ეს საბაზისო საფუძვლები ჩვენი არსებობის საფუძველს წარმოადგენენ, მაშინ წარმატებას მივაღწევთ იმ ამოცანების გადაჭრაში, რომელიც ჩვენ წინაშე დგას“, – განაცხადა პუტინმა ახლაგაზრდებთან შეხვედრაზე.