ვლადიმერ პუტინი - მთიან ყარაბაღში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენის საკითხებზე სპეციალური სამმხრივი ჯგუფი იმუშავებს
მთიან ყარაბაღში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენის საკითხებზე სპეციალური სამმხრივი ჯგუფი იმუშავებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.
პუტინის თქმით, სამმხრივ სამუშაო ჯგუფს რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერები უხელმძღვანელებენ. რუსეთის პრეზიდენტმა სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებს მოუწოდა, გამოკვეთონ შემდეგი ნაბიჯები ყარაბაღის საკითხის დარეგულირებისთვის.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, სამმხრივი ხელშეკრულებები თანმიმდევრულად ხორციელდება, რაც ქმნის აუცილებელ წინაპირობებს ხანგრძლივი კონფლიქტის გრძელვადიანი და სრულმასშტაბიანი მოგვარებისთვის სამართლიან საფუძველზე, როგორც სომეხი, ასევე აზერბაიჯანელი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.
ვლადიმერ პუტინმა ასევე თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მთიან ყარაბაღში 48 000-ზე მეტი ადამიანი დაბრუნდა.
„რუსეთი აფასებს პარტნიორობასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, რომლებიც აკავშირებს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს. ამიტომ, ჩვენ ხალხის ბედზე შეშფოთებით და გულწრფელი წუხილით ვადევნებდით თვალს შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებას. დღეს ჩვენ შეგვიძლია კმაყოფილებით განვაცხადოთ, რომ სამმხრივი ხელშეკრულებები თანმიმდევრულად ხორციელდება. ვფიქრობ, რომ დღეს მნიშვნელოვანი იქნებოდა, უპირველეს ყოვლისა, შემდეგი ნაბიჯების დასახვა. ვგულისხმობ რუსული სამშვიდობო კონტინგენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს, სადემარკაციო ხაზების გარკვევას, ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.