ვლადიმერ პუტინი - მსოფლიო ერთი დიდი ოჯახივით ცხოვრობს, სამწუხაროდ, ოჯახებში ხშირად ხდება უთანხმოებები, სკანდალები, ქონების გაყოფა, ზოგჯერ საქმე ჩხუბამდეც კი მიდის
მსოფლიო უკვე ცხოვრობს, როგორც ერთი დიდი ოჯახი. სამწუხაროდ, ოჯახებში ხშირად ხდება უთანხმოებები, სკანდალები, ქონების გაყოფა, ზოგჯერ საქმე ჩხუბამდეც კი მიდის, – ასე მიმართა „ბრიქსის“ სამიტის ფარგლებში გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს.
პუტინის გამოსვლამდე გუტერეშმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ერთი დიდი ოჯახივით უნდა ცხოვრობდეს და მსოფლიოს სჭირდება მშვიდობა ღაზაში, ლიბანში, უკრაინასა და სუდანში.
„პატივცემულმა ბატონმა გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ჩვენ, ყველამ უნდა ვიცხოვროთ, როგორც ერთმა დიდმა ოჯახმა. ჩვენ ისედაც ასე ვცხოვრობთ. სამწუხაროდ, ოჯახებში ხშირად ხდება უთანხმოებები, სკანდალები, ქონების გაყოფა, ზოგჯერ საქმე ჩხუბამდეც კი მიდის. „ბრიქსის“ მიზანია, შევქმნათ თანამშრომლობის აუცილებელი მექანიზმები და შევქმნათ ხელსაყრელი ატმოსფერო საერთო სახლში. ჩვენ ამას ვაკეთებთ და გავაკეთებთ, მათ შორის, გაერო-სთან მჭიდრო კოორდინაციით“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის ქალაქ ყაზანში „ბრიქსის“ სამიტის ბოლო დღეს გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც 40-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ დსთ-ის, აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის ქვეყნების ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები.