ვლადიმერ პუტინი - ფართოვდება სახელმწიფოთა წრე, რომლებიც მხარს უჭერენ სამართლიან მსოფლიო წესრიგს, მზად არიან, მტკიცედ დაიცვან თავიანთი ლეგიტიმური უფლებები და ტრადიციული ღირებულებები
მრავალპოლარული მსოფლიო დღეს რეალობად იქცა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ძალაუფლებისა და ეკონომიკური ზრდის ახალი ცენტრები მყარდება.
„ფართოვდება სახელმწიფოთა წრე, რომლებიც მხარს უჭერენ სამართლიან მსოფლიო წესრიგს და მზად არიან, მტკიცედ დაიცვან თავიანთი ლეგიტიმური უფლებები და დაიცვან ტრადიციული ღირებულებები“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ისაუბრა უკრაინის ომზეც და თქვა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით მოსკოვის წინადადებამ შეიძლება დაასრულოს საომარი მოქმედებები, თუ კიევი და მისი დასავლელი სპონსორები მზად იქნებიან წინადადების მისაღებად.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მზად არის გაითვალისწინოს „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრების ინიციატივები კონფლიქტის დასასრულებლად.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წევრი ქვეყნების უსაფრთხოება ორგანიზაციის მუშაობის პრიორიტეტად რჩება.
„სწორედ ამისკენ არის მიმართული დღეს მიღებული გადაწყვეტილებები ორგანიზაციის რეგიონული ანტიტერორისტული სტრუქტურის უნივერსალურ ცენტრად გარდაქმნის შესახებ, რომელიც უპასუხებს უსაფრთხოების საფრთხეების სრულ სპექტრს. რუსეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორგანიზაციის ფარგლებში პარტნიორობას. კმაყოფილებით აღვნიშნავთ, რომ ეს ურთიერთქმედება თანდათან ვითარდება თანასწორობის, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების პრინციპებით, კულტურული და ცივილიზაციური მრავალფეროვნების პატივისცემით, უსაფრთხოების აქტუალური საკითხების კოლეგიალური გადაწყვეტილებების ძიებით“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.