ვლადიმერ პუტინი - მივესალმებით თურქეთის ინტერესს „ბრიქსის“ მიმართ, ჩვენ მტკიცედ დავუჭერთ მხარს ამ ასოციაციის ქვეყნებთან ერთად ყოფნის სურვილს, საერთო პრობლემების გადასაჭრელად
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს მოსკოვში შეხვდა. ლიდერებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები და თურქეთის ინტერესი „ბრიქსში“ გაწევრიანების თაობაზე.
„ჩვენ მივესალმებით თურქეთის ინტერესს „ბრიქსის“ მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენ მტკიცედ დავუჭერთ მხარს ამ ასოციაციის ქვეყნებთან ერთად ყოფნის სურვილს, ვიყოთ ერთად, უფრო ახლოს, საერთო პრობლემების გადასაჭრელად“, – განაცხადა პუტინმა.
ამასთან, თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრისას ვლადიმერ პუტინი მიესალმა ანკარას სურვილს, დაეხმაროს რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარებაში.
„მადლიერებით აღვნიშნავთ ჩვენი თურქი მეგობრების სულისკვეთებას, წვლილი შეიტანონ კრიზისული სიტუაციების, მათ შორის, უკრაინის გარშემო არსებული კრიზისის მოგვარებაში“, – აღნიშნა პუტინმა.