ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ ჟენევაში, ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე უნდა შეეცადონ, ორმხრივი ურთიერთობების დარეგულირების გზები მოძებნონ
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიჩნევს, რომ ჟენევაში აშშ-ის ლიდერთან ჯო ბაიდენთან დაგეგმილ შეხვედრაზე ისინი უნდა შეეცადონ, ორმხრივი ურთიერთობების დარეგულირების გზები მოძებნონ.
ამის შესახებ პუტინმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ განვიხილავთ ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს. ჩვენ უნდა შევეცადოთ, მოვძებნოთ ამ ურთიერთობების დარეგულირების გზები, დღეს ეს უკიდურესად დაბალ დონეზეა, ჩვენ ყველამ ეს კარგად ვიცით“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მისი თქმით, ჟენევაში დაგეგმილ შეხვედრაზე განხილვის თემები იქნება სტრატეგიული სტაბილურობა, ყველაზე ცხელ წერტილში საერთაშორისო კონფლიქტების დარეგულირება, განიარაღების პროცესები, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, პანდემია და ეკონომიკური საკითხები.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ მოსკოვს აშშ-სთან უთანხმოებები არ გააჩნია, ამერიკული მხარე კი არ მალავს სურვილს, შეაკავოს რუსეთის განვითარება.