ვლადიმერ პუტინი - კოლექტიური დასავლეთი ბირთვული კომპონენტის მქონე იარაღის გამოყენებას თუ დაიწყებს, რუსეთი იძულებული გახდება, ამაზე რეაგირება მოახდინოს
კოლექტიური დასავლეთი ბირთვული კომპონენტის მქონე იარაღის გამოყენებას თუ დაიწყებს, რუსეთი იძულებული გახდება, ამაზე რეაგირება მოახდინოს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა.
როგორც რუსული მედია წერს, რუსეთის პრეზიდენტმა ეს გაფრთხილება მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინისთვის გაღარიბებული ურანით აღჭურვილი ჭურვების შესაძლო მიწოდების შესახებ ბრიტანეთის გეგმის თაობაზე გავრცელდა ინფორმაცია.
„დღეს ცნობილი გახდა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს უფროსის მოადგილის მეშვეობით გამოაცხადა უკრაინისთვის არა მხოლოდ ტანკების, არამედ გაღარიბებული ურანის ჭურვების მიწოდება. როგორც ჩანს, დასავლეთმა მართლაც გადაწყვიტა რუსეთთან ბრძოლა ბოლო უკრაინელამდე არა სიტყვით, არამედ საქმით“, – განაცხადა პუტინმა.
პუტინის თქმით, თუ ეს დადასტურდა, რუსეთი იძულებული იქნება, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.
„ეს ნიშნავს, რომ კოლექტიური დასავლეთი უკვე იწყებს ბირთვული კომპონენტის მქონე იარაღის გამოყენებას“, – განმარტა მან.
„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, ანაბელ გოლდიმ დღეს განაცხადა, რომ, უკრაინაში „ჩელენჯერ 2“-ის ტიპის საბრძოლო ტანკების ესკადრილიის გაგზავნის გარდა, ლონდონი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ასევე გადასცემს საბრძოლო მასალას, მათ შორის გაღარიბებული ურანის ბირთვიან ჯავშანსატანკო ჭურვებს.