ვლადიმერ პუტინი - კიევის ნეონაცისტური რეჟიმი რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებით ცდილობს, ხელი შეუშალოს საპრეზიდენტო არჩევნებს, ეს დაუსჯელი არ დარჩება
ვლადიმერ პუტინი - კიევის ნეონაცისტური რეჟიმი რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებით ცდილობს, ხელი შეუშალოს საპრეზიდენტო არჩევნებს, ეს დაუსჯელი არ დარჩება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთზე დარტყმებს არჩევნების პროცესის ჩასაშლელად და მოსახლეობის დასაშინებლად ახორციელებს. ამის შესახებ მან უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მოწინააღმდეგის დარტყმები დაუსჯელი არ დარჩება.

„ხმის მიცემის პროცესის ჩაშლის, თუნდაც უკრაინასთან სასაზღვრო ოლქებში ხალხის დაშინების მიზნით, კიევის ნეონაცისტურმა რეჟიმმა ჩაიფიქრა და ცდილობს, განახორციელოს დანაშაულებრივი დემონსტრაციული შეიარაღებული აქციების რიგი. ეს, პირველ რიგში, რუსეთის ტერიტორიაზე მშვიდობიან დასახლებულ პუნქტებზე დარტყმების განხორციელებაა“, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, მოწინააღმდეგის რაკეტებისა და ჭურვების 95 პროცენტი ნადგურდება რუსეთის საჰაერო თავდაცვის მიერ, თუმცა არიან დაზარალებულები მშვიდობიან მოსახლეობას შორის.

პუტინმა აღნიშნა, რომ 12 მარტის შემდეგ განხორციელდა „დივერსიული ტერორისტული თავდასხმების სერია“, ოთხი ბელგოროდის და ერთი კურსკის ოლქებში, რუსეთის ტერიტორიაზე შეღწევისა და გამაგრების მიზნით.

„სამხედრო თვალსაზრისით ამ უაზრო და ჰუმანიტარული თვალსაზრისით დანაშაულებრივი აქციების მიზანია, მცდელობა, ხელი შეუშალონ რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი, რუსეთის მოსახლეობა ამას უფრო მეტი ერთიანობით უპასუხებს“, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ამ ქმედებების კიდევ ერთი მიზანი შეიძლება იყოს საკუთარი ხალხისა და სხვა ქვეყნების საზოგადოებების ყურადღების გადატანა ბრძოლის ველზე შექმნილი რეალური მდგომარეობიდან.