ვლადიმერ პუტინი - კიევის ხელისუფლება თავს უფლებას არ აძლევს, ცეცხლის შეწყვეტაზე იფიქროს, რადგან საომარი მდგომარეობის მოხსნის შემდეგ მათ მოუწევთ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება
ვიქტორ ორბანთან საკმაოდ პირდაპირი და საფუძვლიანი აზრთა გაცვლა იყო მიმდინარე საერთაშორისო საკითხებზე, მათ შორის უკრაინის კონფლიქტზე და ვისაუბრეთ მისი მოგვარების შესაძლო გზებზე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, კიევის ხელისუფლება თავს უფლებას არ აძლევს, იფიქროს ცეცხლის შეწყვეტაზე, რადგან საომარი მდგომარეობის მოხსნის შემდეგ მათ მოუწევთ საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. პუტინის განცხადებით, ზავი ან პაუზა არ უნდა იქნეს გამოყენებული კიევის რეჟიმის გადაიარაღებისთვის, რადგან მოსკოვს კონფლიქტის სრული და საბოლოო დასრულება სურს.
ვლადიმერ პუტინმა ორბანთან მოლაპარაკებებს დროული და სასარგებლო უწოდა და აღნიშნა, რომ მოსკოვი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს დიალოგის აღდგენის მცდელობად აღიქვამს.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ კიევის სპონსორები უკრაინას და მის ხალხს რუსეთთან დაპირისპირებისთვის იყენებენ.
„რა თქმა უნდა, ბატონმა პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა, ზოგადად, ნაცნობი დასავლური თვალსაზრისი, მათ შორის უკრაინის ინტერესების თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა, ჩვენ მადლობელი ვართ ბატონი პრემიერ-მინისტრის მოსკოვში ვიზიტისთვის“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.