ვლადიმერ პუტინი - ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობებმა ბოლო წლებში ძლიერი დეგრადაცია განიცადა, მაინც ვიმედოვნებთ, რომ ორმხრივი თანამშრომლობის ლოგიკა დროთა განმავლობაში გაიმარჯვებს
ვლადიმერ პუტინი - ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობებმა ბოლო წლებში ძლიერი დეგრადაცია განიცადა, მაინც ვიმედოვნებთ, რომ ორმხრივი თანამშრომლობის ლოგიკა დროთა განმავლობაში გაიმარჯვებს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობებმა ბოლო წლებში ძლიერი დეგრადაცია განიცადა.

ამის შესახებ პუტინმა სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენლისგან, მათ შორის აშშ-ის, ევროკავშირის ელჩებისგან და ასევე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩისგან რწმუნებათა სიგელების მიღების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას პუტინმა ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის კრიზისში დაადანაშაულა.

„აშშ-ის მიერ თავის საგარეო პოლიტიკაში ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებამ, როგორიცაა ე.წ. ფერადი რევოლუციები, ამასთან დაკავშირებით 2014 წელს კიევში სახელმწიფო გადატრიალების მხარდაჭერამ, საბოლოოდ გამოიწვია დღევანდელი უკრაინული კრიზისი და დამატებით თავისი ნეგატიური წვლილი შეიტანა რუსულ-ამერიკული ურთიერთობების დეგრადაციაში. თუმცა ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით იმას, რომ რუსულ-ამერიკული ურთიერთობები ჩამოვაყალიბოთ მხოლოდ თანასწორობის, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ინტერესების პატივისცემისა და შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებზე. ამით ვიხელმძღვანელებთ მომავალშიც“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

პუტინის განცხადებით, ევროკავშირთან ურთიერთობებს რაც შეეხება, ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობებმა ბოლო წლებში ძლიერი დეგრადაცია განიცადა. პუტინი იმედს გამოთქვამს, რომ ყველა ქმედება, რომლებიც მათ ურთიერთობებს აზარალებს, წარსულში დარჩება.

„მიზეზს ვხედავთ იმაში, რომ ევროკავშირმა გვერდით დატოვა ევროპულ კონტინენტზე ეკონომიკური თანამშრომლობისა და ინტეგრაციის თავისი ძირითადი, თავდაპირველი მისია და ფუნქცია და დაიწყო რუსეთთან გეოპოლიტიკური დაპირისპირება. მსურს, იმედი გამოვხატო, რომ ყველა ქმედება, რომლებიც ჩვენს ურთიერთობებს აზარალებს, მაინც წარსულში დარჩება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ისინი საჭირო კურსით წარვმართოთ რუსეთისთვისაც და ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ეკონომიკებისთვის. ჩვენ მაინც ვიმედოვნებთ, რომ ორმხრივი თანამშრომლობის ლოგიკა დროთა განმავლობაში გაიმარჯვებს“, – განაცხადა პუტინმა.