ვლადიმერ პუტინი - დასავლეთში ალაპარაკდნენ უკრაინაში ნატო-ს კონტინგენტის გაგზავნაზე, გვახსოვს მათი ბედი, ვინც ოდესღაც აგზავნიდა სამხედროებს რუსეთში, ახლა შედეგები გაცილებით ტრაგიკული იქნება
დასავლეთში ალაპარაკდნენ უკრაინაში ნატო-ს კონტინგენტის გაგზავნაზე. ჩვენ გვახსოვს მათი ბედი, ვინც ოდესღაც აგზავნიდა საკუთარ სამხედროებს რუსეთში. ახლა შესაძლო ინტერვენტებისთვის შედეგები გაცილებით ტრაგიკული იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციული საბჭოსადმი ყოველწლიურ მიმართვაში განაცხადა.
პუტინის თქმით, მათ უნდა ესმოდეთ, რომ რუსეთსაც აქვს შეიარაღება, რომლითაც შესაძლებელია სამიზნეების განადგურება.
„ახლა ამბობენ, რომ რუსეთი აპირებს, თავს დაესხას ევროპას. ეს სრული ბოდვაა. ამასთან ერთად, ისინი თავად ირჩევენ სამიზნეებს, რომლებზეც დარტყმა სურთ რუსეთის ტერიტორიაზე. ასევე, ირჩევენ განადგურების ყველაზე ეფექტურ საშუალებებს. ასევე, ალაპარაკდნენ უკრაინაში ნატო-ს კონტინგენტის გაგზავნაზე. ჩვენ გვახსოვს მათი ბედი, ვინც ოდესღაც აგზავნიდა საკუთარ სამხედროებს რუსეთში. ახლა შესაძლო ინტერვენტებისთვის შედეგები გაცილებით უფრო ტრაგიკული იქნება. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენც გვაქვს შეიარაღება, რომლითაც შესაძლებელია სამიზნეების განადგურება მათ ტერიტორიაზე. მათ არ გაუვლიათ მძიმე განსაცდელი და დაავიწყდათ, რა არის ომი. ჩვენ, დღევანდელმა თაობამაც კი ასეთი განსაცდელი გამოვიარეთ, როდესაც ჩრდილოეთ კავკასიაში ვებრძოდით ტერორიზმს და ახლა უკრაინაში კონფლიქტის დროსაც გავდივართ ამ განსაცდელს. მათ კი ეს მულტფილები ჰგონიათ“, – განაცხადა პუტინმა.
ამასთან, პუტინის განმარტებით, დაუსაბუთებელია ბრალდება, რომ რუსეთი კოსმოსში ბირთვული იარაღის განლაგებას აპირებს. პუტინის თქმით, ასეთი განცხადებები მიზნად ისახავს რუსეთის ჩათრევას ისეთი მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც მხოლოდ აშშ-ისთვის არის სარგებლის მომტანი.
„ისინი ბლოკავენ ჩვენს წინადადებებს, რომლებიც, 15 წელია, უდევთ მაგიდაზე. ვგულისხმობ კოსმოსში ბირთვული შეიარაღების განუთავსებლობის შესახებ შეთანხმების პროექტს, რომელიც 2008 წელს მოვამზადეთ და ამ დრომდე არ ყოფილა რეაქცია. ამიტომ ჩვენ გვაქვს ყველა საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ დემაგოგიას წარმოადგენს დღეს გაჟღერებული სიტყვები, თითქოს მათ სურთ, ჩვენთან გამართონ მოლაპარაკებები სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ. ეს არის მცდელობა, რომ აშშ-ში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ საკუთარ მოქალაქეებს და ყველა დანარჩენებსაც აჩვენონ, რომ აშშ კვლავაც მართავს მსოფლიოს, ვითომდა მათ შეუძლიათ, რუსეთთან მოლაპარაკება გამართონ მხოლოდ იმ საკითხებზე, რომლებიც აშშ-ისთვის სარგებლის მომტანია, ხოლო იმ საკითხებზე, რომლებიც მათთვის უსარგებლოა, საერთოდ არაფერია სალაპარაკო. ამ შემთხვევაში ისინი ჩვენს დამარცხებას ეცდებიან. ასე არ გამოვა. ჩვენი პოზიციაა, რომ თუ გსურთ მთელი პლანეტისთვის მნიშვნელოვანი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხების განხილვა, მაშინ ეს უნდა მოხდეს ერთიან კომპლექსად, რაც, ცხადია, მოიცავს იმ საკითხებსაც, რომლებიც რუსეთის ეროვნულ ინტერესებს ეხება და მოქმედებს ჩვენს უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.