ვლადიმერ პუტინი - დასავლეთი ცეცხლს ეთამაშება, როდესაც უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური შეიარაღების გამოყენების ნებას რთავს
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დასავლეთს აფრთხილებს, რომ ცეცხლს ეთამაშებიან, როდესაც უკრაინას ნებას რთავენ, დასავლური შეიარაღება რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენოს.
ვლადიმერ პუტინის თქმით, ამან, შესაძლოა, გლობალური კონფლიქტის პროვოცირება გამოიწვიოს.
როგორც რუსეთის პრეზიდენტი განმარტავს, შორ რადიუსზე მოქმედი შეიარაღებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელებას სჭირდება დასავლური სატელიტები, დაზვერვისა და სამხედრო დახმარება, რაც უკვე გულისხმობს დასავლეთის პირდაპირ ჩართულობას.
პუტინი აღნიშნავს, რომ უკრაინაში საფრანგეთის ჯარების გაგზავნაც გლობალური კონფლიქტისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
ნატო-ს ევროპულ წევრებზე საუბრისას კი პუტინმა განაცხადა, რომ პატარა ქვეყნებმა „უნდა გააცნობიერონ, რას ეთამაშებიან“, რადგან მცირე ტერიტორიები აქვთ და მჭიდროდ არიან დასახლებული.
„სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რაზე საუბრობს ნატო-ს გენერალური მდივანი. როდესაც ის ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იყო, ჩვენ მაშინ ვურთიერთობდით და ვწყვეტდით ბარენცის ზღვის არც ისე მარტივ საკითხებს და ზოგადად, შეგვეძლო შეთანხმება. იმ დროისთვის, როგორც ვიცი, მას დემენცია არ სჭირდა და თუ ახლა სტოლტენბერგი საუბრობს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელების შესაძლებლობაზე შორი რადიუსის მაღალი სიზუსტის იარაღით, მან, როგორც ადამიანმა, რომელიც ხელმძღვანელობს სამხედრო-პოლიტიკურ ორგანიზაციას, მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო პირია, ისევე როგორც მე, უნდა იცოდეს, რომ მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენება შეუძლებელია დაზვერვის კოსმოსური საშუალებების გარეშე.
მეორეც, სამიზნის საბოლოო დანიშნულებისა და ამოცანის განხორციელება მხოლოდ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს შეუძლიათ ამ დაზვერვის მონაცემების საფუძველზე. მაგალითად, „შტორმ შედოუს“ სისტემების შემთხვევაში, ამ ამოცანების განხორციელება ავტომატურად თუ არის შესაძლებელი, უკრაინელი სამხედროების გარეშე, ვინ აკეთებს მაშინ ამას? ისინი, ვინც აწარმოებენ მას და თითქოს აწვდიან უკრაინას. მათი გაშვება უკრაინელი სამხედროების მონაწილეობის გარეშე ხდება. „ატაკამსების“ შემთხვევაში, ასევე კოსმოსური დაზვერვის საფუძველზე ხდება. მზადდება, ფორმულირდება, ავტომატური გათვლებით ხდება მათი მომართვა და უკრაინელების მიერ ხდება საბოლოო ფრენის ამოცანის განსაზღვრა, თუმცა ეს ამოცანა უკრაინელი სამხედროების მიერ არ მზადდება, არამედ ნატო-ს წარმომადგენელი ქვეყნების მიერ.
ნატო-ს ქვეყნებმა, განსაკუთრებით ევროპაში, განსაკუთრებით პატარა ქვეყნებმა ანგარიში უნდა გაუწიონ იმას, რასთან თამაშობენ, მათ უნდა ახსოვდეთ, რომ ისინი პატარა ტერიტორიები და მჭიდროდ დასახლებული სახელმწიფოები არიან. ეს არის ფაქტორი, რომელიც უნდა გაითვალისწინონ, ვიდრე რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელებაზე ისაუბრებენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.