ვლადიმერ პუტინი - დასავლელი პარტნიორები კიევისთვის შეიარაღების მიწოდებით და შავ ზღვაში პროვოკაციული სამხედრო მანევრებით ვითარებას ამწვავებენ
დასავლელი პარტნიორები კიევისთვის შეიარაღების მიწოდებით და შავ ზღვაში პროვოკაციული სამხედრო მანევრებით ვითარებას ამწვავებენ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა საგარეო საქმეთა სამინისტროს კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დასავლელი პარტნიორები ამწვავებენ ვითარებას კიევისთვის ლეტალური თანამედროვე შეიარაღების მიწოდებით, შავ ზღვაში და ჩვენს საზღვრებთან ახლოს სხვა რეგიონებში პროვოკაციული სამხედრო მანევრების ჩატარებით. რაც შეეხება შავ ზღვას, ეს საერთოდ ცდება განსაზღვრულ ჩარჩოებს: ჩვენი სახელმწიფო საზღვრიდან 20 კილომეტრში დაფრინავს სტრატეგიული ბომბდამშენები, ისინი კი, როგორც ცნობილია, ძალიან სერიოზული იარაღის მატარებელია“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
როგორც პუტინმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დასავლეთი „წითელი ხაზების“ შესახებ რუსეთის გაფრთხილებებს ზედაპირულად უდგება.
„მუდმივად გამოვთქვამთ ჩვენს შეშფოთებას ამ საკითხზე, ვსაუბრობთ „წითელ ხაზებზე“, თუმცა, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენი პარტნიორები ძალიან თავისებურები არიან და ზედაპირულად უდგებიან ყველა ჩვენს გაფრთხილებას და საუბრებს „წითელი ხაზების“ შესახებ. კარგად გვახსოვს, როგორ ხდებოდა ნატო-ს გაფართოება აღმოსავლეთით. იმის მიუხედავად, რომ ურთიერთობები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, მათ შორის აშშ-სთან, იყო უნიკალური, ურთიერთობების დონე იყო თითქმის სამოკავშირეო, ჩვენი შეშფოთებები და გაფრთხილებები აღმოსავლეთით ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით იყო აბსოლუტურად უგულებელყოფილი“, – აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, განხორციელდა ნატო-ს გაფართოების რამდენიმე ტალღა და ახლა ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურა რუსეთის საზღვრების სიახლოვეს არის განლაგებული, რუმინეთსა და პოლონეთში კი განთავსებულია ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები.
პუტინის თქმით, საჭიროა დასავლეთისგან რუსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სერიოზული გრძელვადიანი გარანტიების მიღწევა, რადგან „ასე არსებობა და მუდმივად ფიქრი, რა შეიძლება მოხდეს ხვალ, რუსეთს არ შეუძლია“.