ვლადიმერ პუტინი - ჩვენ შეგვიძლია, შევაჩეროთ „მარცვლეულის შეთანხმებაში“ მონაწილეობა, ყველა დაპირება თუ შესრულდება, ჩვენ დაუყოვნებლივ შევუერთდებით ამ გარიგებას
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ „მარცვლეულის შეთანხმებით“ გათვალისწინებული არცერთი პუნქტი არ შესრულდა, რომელსაც რუსეთის ინტერესები უნდა გაეთვალისწინებინა. როგორც „როიტერი“ წერს, ამის შესახებ მან ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
„რაც შეეხება იმ პირობებს, რომლებზეც ჩვენ შევთანხმდით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის უზრუნველსაყოფად. იყო პუნქტები გაერო-სთან შეთანხმებაში, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო რუსეთის ინტერესებიც – ლოგისტიკა, დაზღვევა, ფულადი მოძრაობა, რაც დაკავშირებულია გადახდებთან ჩვენი წარმოებისთვის და ბევრი სხვა რამ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, არაფერი, საერთოდ არაფერი გაკეთებულა. ეს ყველაფერი ცალმხრივი თამაშია“, – აღნიშნა პუტინმა.
ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთი სამომავლოდ ახალ პირობებს განიხილავს, რაც გულისხმობს რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმების“ გახანგრძლივებას დასავლეთის ქვეყნების მხრიდან მხოლოდ დაპირებების შესრულების შემდეგ.
„ჯერ არა შეთანხმების გაგრძელება და შემდეგ დაპირებების შესრულება, არამედ ჯერ დაპირებების შესრულება და შემდეგ ჩვენი მონაწილეობა. ჩვენ შეგვიძლია, შევაჩეროთ მონაწილეობა გარიგებაში. ყველა თუ კიდევ ერთხელ იტყვის, რომ ყველა დაპირება, რაც მოგვცეს, შესრულდება, დაე, შეასრულონ ეს დაპირებები და ჩვენ დაუყოვნებლივ შევუერთდებით ამ გარიგებას“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.