ვლადიმერ პუტინი - ჩვენ მომხრე ვართ, როგორც კი შესაბამისი სიტუაცია მომწიფდება, დნესტრისპირეთიდან სამშვიდობოები გავიყვანოთ
ჩვენ მომხრე ვართ, როგორც კი შესაბამისი სიტუაცია მომწიფდება, დნესტრისპირეთიდან სამშვიდობოები გავიყვანოთ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კრემლის ლიდერის თქმით, კონფლიქტის ზონიდან რუსი სამხედროები მას შემდეგ გავლენ, რაც დნესტრისპირეთსა და დანარჩენ მოლდოვას შორის ნორმალური დიალოგი დაიწყება.
„მაია სანდუ, რომელიც მოლდოვის პრეზიდენტად აირჩიეს და მას წარმატებებს ვუსურვებ მუშაობაში, მაგრამ მან, როგორც გარკვეული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელმა, ახალი არაფერი თქვა. დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისგან დიდი ხანია გვსმენია, რომ აუცილებელია ჩვენი სამშვიდობო კონტინგენტის გაყვანა.
მაია სანდუ არის მოლდოვას პრეზიდენტი, მაგრამ ის ასევე არის რუმინეთის მოქალაქე. ჩვენ მოვისმინეთ დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლების განცხადებები კონტინგენტის გაყვანის აუცილებლობის შესახებ. ჩვენ მომხრე ვართ დნესტრისპირეთიდან სამშვიდობოები გავიყვანოთ, როგორც კი შესაბამისი სიტუაცია მომწიფდება. როგორც კი დნესტრისპირეთსა და დანარჩენ მოლდოვას შორის ნორმალური დიალოგი დაიწყება“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ერთხელ ვითარება უკვე ახლოს იყო მოგვარებასთან, მაგრამ დასავლეთის ქვეყნების პოზიციამ ხელი შეუშალა ამ პრობლემის საბოლოოდ გადაწყვეტას.
„ჩვენ უკვე ძალიან ახლოს ვიყავით ყოფილ პრეზიდენტ ვორონინთან ამ კუთხით. მაგრამ ბოლო მომენტში დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებმა მასზე ზეწოლა განახორციელეს, მან უარი თქვა და დაშორდა წინა შეთანხმებებს და დნესტრისპირეთის საკითხის გადაწყვეტა უვადოდ გადაიდო. რისთვის? რატომ? გაუგებარია. შემდეგ ვკითხე ევროკავშირის კოლეგებს, რატომ გააკეთეთ ეს. ასე მოხდა. ახლა დეტალებს აღარ გავიხსენებ. ადრე თუ გვიან, ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.